ახალი ამბები

შეიძლება ვიფიქროთ ოქრიაშვილისთვის კანდიდატის არდაყენებაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს მასთან თანამშრომლობას – ბაქრაძე

24 აგვისტო, 2020 •
შეიძლება ვიფიქროთ ოქრიაშვილისთვის კანდიდატის არდაყენებაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს მასთან თანამშრომლობას – ბაქრაძე

“ევროპულ საქართველოში” არ გამორიცხავენ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი არ დააყენონ  ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ოლქში და ამით კონკურენცია არ შეუქმნან კახა ოქრიაშვილს.

წალკისა და დმანისის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც მმართველი გუნდი დატოვა და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან ერთად პარტია “პროგრესი და თავისუფლება” დააფუძნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. კახა ოქრიაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავს, რათა კონკურენტი არ დაუყენონ, და ამ მიზნით “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებსაც შეხვდა. “ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ასეთი შეხვედრა არ გამართულა.

“ოქრიაშვილის მხარდაჭერის ვარიანტს ჩვენ არ განვიხილავთ, ისევე როგორც არ განვიხილავთ მასთან რამე ფორმის პარტიული ურთიერთობის ან ალიანსის შექმნის შესაძლებლობას, მაგრამ დმანისში ყველას გვესმის, რომ იქნება ძალიან მწვავე დაპირისპირება სწორედ იმის გამო, რომ “ოცნებიდან” წამოსულ ოქრიაშვილს რეალური შანსი აქვს, “ქართული ოცნება” დაამარცხოს. ამიტომ ადგილზე კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც დაგვეხმარება “ქართული ოცნების” დამარცხებაში იმ რეგიონში, სადაც მმართველ პარტიას ძლიერი ადმინისტრაციული რესურსი და შესაძლებლობა გააჩნია. შეიძლება ვიფიქროთ კანდიდატის არდაყენებაზე, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს კახა ოქრიაშილთან თანამშრომლობას”, – უთხრა “ნეტგაზეთს” დავით ბაქრაძემ.

კახა ოქრიაშვილი, — სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელი, — რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს შორის არ დაუსახელებიათ.

როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, ოქრიაშვილის „პიროვნების მიმართ არავითარი პრეტენზია“ არ არსებობდა, მაგრამ „როგორც პოლიტიკოსი, იგი დაშორდა გუნდს“.

კახა ოქრიაშვილი 4 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნებში ის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი იყო.

კახა ოქრიაშვილი ვანო მერაბიშვილს შეხვდა [ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი