პოლიტიკური პარტიის, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას და ამ კრიზისმა კიდევ უფრო გააჯანსაღოს პოლიტიკური პროცესი.
“შეიძლება პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას. ამას არ გამოვრიცხავ და თავისთავად, პასუხისმგებლობას ვიღებთ. ამ პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება გაცილებით მეტად გააჯანსაღოს პოლიტიკური პროცესი”, – განაცხადა ოქრუაშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ, თუ კოალიციური მთავრობის საჭიროება დადგება და ოპოზიცია უარს იტყვის მმართველ პარტიასთან კოალიციურ მთავრობაზე, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს.
ოქრუაშვილიასგან განსხვავებით, პოლიტიკური კრიზისს არ ელიან სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი მიიჩნევენ, ოპოზიცია, მთლიანობაში, “ქართულ ოცნებაზე” დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს და კოალიციურ მთავრობას შექმნის.
“ჩვენი ამოცანა არ გახლავთ ქვეყანაში კრიზისების პროვოცირება, ჩვენი ამოცანაა მშვიდობიანად ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას “ქართული ოცნება” და შევქმნათ ეფექტური პროდასავლური კოალიცია”,- განაცხადა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით: “კოალიციური მთავრობა იქმნება იმ ძალთა შორის, რომელთაც გააჩნიათ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია ერთობლივად აიღებს მეტ ხმას, ვიდრე ივანიშვილი. სწორედ ამიტომ, ძალიან მშვიდად მოხდება კოალიციური მთავრობის შექმნა”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მთავრობის ფორმირებისთვის პოლიტიკურმა ძალამ ან კოალიციამ, არჩევნების შედეგად, საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტის, ანუ 76 მანდატის მოპოვება უნდა შეძლოს.