თვითმფრინავი, რომელსაც რუსი ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი გადაყავს, ბერლინში ჩაფრინდა.
ამის შესახებ “მედუზა” FlightRadar24-ის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
ფრენა ომსკიდან ბერლინამდე დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა. აეროპორტიდან ნავალნის შარიტეს კლინიკაში გადაიყვანენ.
ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ წევრები ამბობენ, რომ ნავალნი მოწამლეს.
მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს.
ნავალნის მოწამვლას გამოეხმაურა კრემლი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი მზადაა ნავალნის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი განიხილოს.