ახალი ამბებისაზოგადოება

ჩაღლარის ქსელის ლიცეუმის საჩივარს 25 აგვისტოს განიხილავენ

21 აგვისტო, 2020 • 1645
ჩაღლარის ქსელის ლიცეუმის  საჩივარს 25 აგვისტოს განიხილავენ

25 აგვისტოს  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭო ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის სკოლა-ლიცეუმის საჩივარს განიხილავს, რომელიც სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებას ეხება.

ავტორიზაცია რუსთავში მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს 15 მაისს  შეუწყვიტეს.

ლიცეუმი ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილი იყო, რომელსაც ბოლო წლებში არაერთი პრობლემა შეექმნა საქართველოში, აღნიშნულს კი წინ უძღოდა თურქული მხარის მძიმე ბრალდებები და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ქსელის დამფუძნებლებისადმი.

როგორც სკოლის დირექტორი, ნანა ყანჩაველი “ნეტგაზეთთან” ამბობს, დასკვნა, რომელიც ექსპერტებმა სკოლის მონიტორინგის შემდეგ შეადგინეს, აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ბევრი რამ ხარვეზად ჩაუთვალეს შემოწმების გარეშე.

“ის მინიმალური ხარვეზები, რაც დაგვიფიქსირდა, ბევრი ჯერ კიდევ მონიტორინგის პერიოდში, იმ სამი დღის მანძილზე იყო გამოსწორებული. კერძოდ, ტექნიკური ხარვეზები იყო: ვიდეოთვალის მანიშნებელი სტიკერი არ იყო სადღაც, საკეტი იყო შესაკეთებელი, რომელიც კეთდებოდა და ამაზე ვუთხარით კიდეც. ადგილზე ვუხსნიდი ყველაფერს, თუმცა ეს ძალიან დიდ ხარვეზად და პრობლემად ჩათვალეს. იქ რაღაც კაბელი არ მოეწონათ, კოროზია დაინახა ერთ ადგილას, ასეთი რაღაცები მაშინვე იქნა გამოსწორებული.

სასკოლო გეგმაზე ჰქონდათ პრეტენზია, რომ ეროვნული სასწავლო გეგმიდან კანონს ვარღვევდით. თუმცა ამაშიც ვეწინააღმდეგებით იმიტომ, რომ რიგი საკითხები, რაც მათ წამოგვიყენეს, არ იყო მართალი და ამის დადასტურება ჩვენ საპასუხო წერილით შევძელით”, — ამბობს ის.

თუმცა სკოლის დირექტორი ფიქრობს,  რომ  ეს წერილი ავტორიზაციის საბჭოს წევრებს არც წაუკითხავთ  და სკოლას ავტორიზაცია ისე შეუჩერეს, მათი მტკიცებულებები თვალგადავლებულიც არ ჰქონდათ. როგორც ის ამბობს, ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე სკოლის წარმომადგენლებს თავიანთი პოზიციის დაცვის უფლება არ მიეცათ და გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო მხოლოდ ექსპერტების დასკვნას დაეყრდნო.

“მთელი 10 წუთის განმავლობაში ექსპერტი იმაზე საუბრობდა, რომ საკეტი გაფუჭდა სკოლაში, რომ ღირებულებებს არ ვუყალიბებდით ბავშვებს, თორემ როგორ შეიძლებოდა ბავშვს გაეფუჭებინა საკეტი. საბჭოს სხდომაზე ჩვენ ჩვენი პოზიციების დაფიქსირების უფლება არ მოგვეცა, დროის სიმცირე მოიმიზეზეს, არ მოგვისმინეს და ჩვენი საკითხი, როგორც მხარის, დარჩა განუხილველი. საბჭო დაეყრდნო ექსპერტის დასკვნას, განაცხადა კიდეც ავტორიზაციის საბჭოს სხდომის თავმჯდომარემ, რომ ემხრობოდა და მისთვის აბსოლუტურად მისაღები იყო ექსპერტის დასკვნა. ამაზე დაყრდნობით მიიღეს ეს სამწუხარო და სავალალო გადაწყვეტილება”, — ამბობს ის.

როგორც ნანა ყანჩაველი ამბობს, მონიტორინგის დროს სკოლის დახურვა კანონს ეწინააღმდეგება. რადგან მისი განმარტებით, შემოწმების შემდეგ სკოლას უნდა მიეცეს ხარვეზების გამოსასწორებელი ვადა, თუმცა მათ შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე “გამოსასწორებელი ვადის ხსენებაც არ ყოფილა”. ამიტომ სკოლამ ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა.

“ჩვენ გავასაჩივრეთ და სამართლებრივი დავა წამოვიწყეთ.  25 აგვისტოს არის ჩანიშნული სააპელაციო საბჭოს სხდომა, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. იმედია, რომ ისე გულგრილად, როგორც ავტორიზაციის საბჭო მოეკიდა ჩვენს საკითხს, ასე არ იქნება, ძირფესვიანად შეისწავლიან და ობიქტურ გადაწყვეტილებასაც გამოიტანენ. არ გვინდა, რომ წინასწარ ვიწინასწარმეტყველოთ შემდეგი გზები, მაგრამ სხვა განცხადებები მერე შეიძლება თამამად გავაკეთოთ. სხვა ინსტანციასაც მივმართავთ, თუ ჩვენთვის სასურველი შედეგი არ იქნება. იმიტომ, რომ ვიცით, მართლები ვართ”, — აცხადებს ნანა ყანჩაველი.

ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელს საქართველოში პრობლემები არაერთხელ შეუქმნეს და ქსელში შემავალი სასწავლო დაწესებულებები დახურეს. დეტალურად წაიკითხეთ აქ: 

საქართველოში “ჩაღლარის” ქსელის კიდევ ერთი სკოლა დახურეს

მასალების გადაბეჭდვის წესი