ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ ვაკის მაჟორიტარულ ოლქში კვლავ აპირებს კენჭისყრას, ამჯერად, დამოუკიდებლად.
ვაკეში მაჟორიტარობის სხვა კანდიდატები არიან:
- „ქართული ოცნება“ – ნოდარ ტურძელაძე, ვაკის რაიონის გამგებელი;
- ოპოზიციის საერთო კანდიდატი — ელენე ხოშტარია, პარლამენტარი;
- ბექა ნაცვლიშვილი — „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“;
- „ლელო“ — ლევან კობერიძე;
- გია გაჩეჩილაძე — „მწვანეთა პარტია“;
„ჩემო თბილისელებო, ზაფხულის პერიოდში ამომრჩევლებთან ურთიერთობამ გადამაწყვეტინა ისევ გავხდე ვაკის მაჟორიტარი“, – დაწერა გეგიძემ 20 აგვისტოს ფეისბუკზე.
როგორც ის წერს, კანდიდატურის დასარეგისტრირებლად საინიციატივო ჯგუფის წარდგენაა საჭირო, რის გამოც მოქალაქეებს მიმართავს:
„ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ თქვენ გექნებათ სურვილი წარმადგინოთ კანდიდატად საინიციატივო ჯგუფის სახელით. ველოდები თქვენ გამოხმაურებას მომდევნო ათი დღის განმავლობაში“.
ბიძინა გეგიძე 2016 წლიდან არის პარლამენტარი. ის ვაკის მაჟორიტარი იყო. 2019 წლამდე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო.
გეგიძემ 2019 წლის დასაწყისში მმართველი გუნდი მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით გააკრიტიკა; მოგვიანებით, 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, თქვა, რომ გიორგი გახარიას ადგილას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგებოდა.
2019 წლის აგვისტოში იგი სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაიბარეს გამოძიებაზე, რასაც გეგიძე მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა, კერძოდ კი, ყოფილი პრემიერი-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მხარდაჭერას და მმართველი გუნდის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.
2019 წლის პირველ სექტემბერს მას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ, განაცხადა, რომ დაგროვდა საკითხები, რომლებზეც უმრავლესობასა და გეგიძეს „რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ“, რასაც აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა.