ახალი ამბები

ხაინდრავა ამბობს, რომ “ბულინგის” შემდეგ მისი ფილმი აღარ დაფინანსდა

21 აგვისტო, 2020 • 2854
ხაინდრავა ამბობს, რომ “ბულინგის” შემდეგ მისი ფილმი აღარ დაფინანსდა

რეჟისორი გოგა ხაინდრავა უარყოფს ინფრომაციას, რომ აფხაზებზე ფილმის გადასაღებად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მისი პროექტი 100 000 ლარით დააფინანსა, თუმცა ადასტურებს, რომ გარკვეული თანხის მოსაპოვებლად მან აფხაზეთის მთავრობას მართლაც მიმართა.

ამის შესახებ ხაინდრავამ 21 აგვისტოს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ საკუთარ სტუდიაში “კინო და ღვინო” დაიწყო მუშაობა დოკუმენტური ფილმების ციკლზე, სახელწოდებით “სიმართლე აფხაზეთის შესახებ”, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ფილმი მუჰაჯირობის შესახებ.

ხაინდრავას განმარტებით,  ფილმების ციკლის საერთო ღირებულება დაახლოებით 370 000 ლარს უტოლდება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას კი მხოლოდ მისი მესამედის დაფინანსების შესახებ მიმართეს.

“აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს ჩვენ 100 000 ლარი გამოგვიყვეს და ჩვენ ეს თანხა ავიღეთ. ეს არის სრული სიცრუე. ჩვენ შევიტანეთ განაცხადი იმიტომ, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის კულტურის სამინისტროს აქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს ზუსტად მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას. “ქართულ-აფხაზური ურთიერთობების კვლევა და მათი გაღრმავება” ჰქვია ამ პროგრამას”, – განაცხადა ხაინდრავამ და განმარტა, რომ პროექტი “სიმართლე აფხაზეთის შესახებ” ჩაფიქრებულია, როგორც ქართულ-აფხაზური პროექტი, რაც უპრეცედენტოა.

მისი თქმით, პროექტი შინაარსით კი სწორედ რუსულ პროპაგანდას უპირისპირდება.

ხაინდრავას თქმით, პროექტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სპეციალური კომისია განიხილავდა, დაფინანსების გაცემა კი ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა, თუმცა, როგორც ის ამბობს, მედიის მიერ ბულინგის შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ პროექტის შეჩერების შესახებ გასცა განკარგულება.

ფილმის გადასაღებად გოგა ხაინდრავას კომპანიის, სახელწოდებით “კინო და ღვინო”, 100 000 ლარით დაფინანსებას სამინისტროს მიერ “რადიო თავისუფლების” მიერ მოპოვებული ბრძანება ადასტურებს, რომელსაც ხელს აწერენ გოგა ხაინდრავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის კულტურისა და განათლების მინისტრი, როლანდ ნიჟარაძე.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გოგა ხაინდრავას კომპანიის მიერ დოკუმენტური ფილმის, “მუჰაჯირების”- ციკლიდან “სიმართლე აფხაზეთზე” გადაღებას, გამარტივებული შესყიდვით დაფინანსდა.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანებიდან ირკვევა, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ ნებართვის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს მიმართა და დოკუმენტაციას თან დაურთო ხაინდრავას კომპანიისგან მიღებული ინვოისის ასლიც.

ჰეროკრატია, როგორც “მეხსიერების აღდგენა” და ზეგავლენის მცდელობა ამომრჩევლის ნებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი