ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატები” არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს – კეკენაძე

20 აგვისტო, 2020 •
“თავისუფალი დემოკრატები” არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს – კეკენაძე

პარტიიდან ოთხი წევრის წასვლის მიუხედავად, “თავისუფალი დემოკრატები” არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა პარტიის თავმჯდომარემ და გამგეობის ორმა წევრმა, ისინი მზად არიან, ითანამშრომლონ ყველა პროდასავლურ ძალასთან იმისთვის, რომ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოიპოვოს უმრავლესობა.

“როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, პარტია ,”თავისუფალი დემოკრატები” დატოვა პარტიის თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ და გამგეობის ორმა წევრმა, ნინო გოგუაძემ და ლევან სამუშიამ. რა თქმა უნდა, არჩევნებამდე ორი თვით ადრე მსგავსი გადაწყვეტილება რთულ მდგომარეობაში აყენებს პარტიას, თუმცა “თავისუფალი დემოკრატები” განვაგრძობთ ბრძოლას და პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში”, – განაცხადა კეკენაძემ ბრიფინგზე.

თამარ კეკენაძის თქმით, პარტიის რიგგარეშე ყრილობა სექტემბერში გაიმართება, მანამდე კი თავად შეასრულებს პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას.

“თავისუფალი დემოკრატებიდან” წამოსვლის შესახებ განცხადება პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, მასთან ერთად პარტია დატოვეს გამგეობის ორმა წევრმა – ლევან სამუშიამ და ნინო გოგუაძემ და პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა, გიორგი ქიტიაშვილმა.

შავგულიძემ, რომელიც ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატია მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის, ბრიფინგზე განმარტა, რომ პარტიის დატოვების შემდეგ ინდივიდუალურად გააგრძელებენ თანამშრომლობას “ევროპულ საქართველოსთან”. მისი თქმით, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება “პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი