სერბეთში აზერბაიჯანის ყოფილი ელჩი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს (ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ამ პოსტს ოფიციალურად იკავებდა), გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.
აზერბაიჯანის ელჩი სერბეთში, მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ელდარ ჰასანოვი, 13 აგვისტოს დააკავეს. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მას ბრალად ედება თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ქრთამის აღება და დიდი რაოდენობით თანხის მითვისება.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ელჩის დანაშაულები გამოვლინდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური აუდიტის დროს.
14 აგვისტოს ბაქოს საბაილის რაიონულმა სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 17 აგვისტოს კი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით შეუჩერდა უფლებამოსილება.
როგორც 19 აგვისტოს დაწერა აზერბაიჯანულმა მედიასაშუალება Apa-მ, ყოფილი ელჩის ადვოკატმა გამოცემას განუცხადა, რომ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
17 აგვისტოს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბრძანებით, პოსტიდან გაიწვიეს აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დურსუნ ჰასანოვიც. პრეზიდენტის ბრძანებაში ელჩების გაწვევისა და დანიშვნის შესახებ არ არის გადაწყვეტილების მიზეზი დასახელებული.
სერბეთი და საქართველო ფიგურირებდნენ აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო გამოცემა Haqqin-ის პუბლიკაციაში, რომლის თანახმადაც რუსეთმა და სერბეთმა სომხეთს, — რომელთანაც აზერბაიჯანს კონფლიქტი აქვს, — სამხედრო ტვირთი მიაწოდეს. ინფორმაცია თბილისში კატეგორიულად უარყვეს.
ბაქო აცხადებს, რომ ეს საკითხები ოფიციალურად განიხილა სერბეთთან და რუსეთთან, თუმცა საქართველოს საკითხი ბაქოს ოფიციალურ განცხადებებში არ არის ნახსენები.
გირჩევთ ამ თემაზე:
გამოიყენეს თუ არა საქართველო სომხეთისთვის იარაღის მისაწოდებლად