ახალი ამბები

არ გავუსწრებ წინ მოვლენებს – სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე

4 აგვისტო, 2020 • 2157
არ გავუსწრებ წინ მოვლენებს – სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მოვლენებს წინ არ გაუსწრებს და პრემიერობის კანდიდატად მის შესაძლო დასახელებაზე ჯერჯერობით არ ისაუბრებს.

ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუს დროს სააკაშვილი ამბობს, რომ პრემიერად მის დასახელებაზე საუბრობდნენ ასევე უკრაინაშიც, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, არჩევნებამდე თანამდებობების გადანაწილებაზე საუბარი მისთვის ნაადრევია.

„მე ვარ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი უკრაინაში და ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ მე ახლა ვიღაცას „შევტენო“ ჩემი თავი რაღაცის კანდიდატად – ეს სასაცილოა და დამაბნეველი. ჩვენ ამაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, გაქრება“, – ამბობს სააკაშვილი.

მისივე თქმით, საჭიროა სწრაფი მოქმედებები იმისთვის, რომ არჩევნებში ოპოზიციამ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი დაამარცხოს – „მეცინება, როდესაც ხალხი საუბრობს თანამდებობებზე, რა თანამდებობებს იყოფენ, ყველაფერი უკან მოგრჩებათ, საქართველო აღარ გექნებათ“.

„მე არ გავუსწრებ წინ არანაირ მოვლენებს, დრო ცოტაა, ყოველი დღე უნდა ვმუშაობდეთ ივანიშვილის დამარცხებაზე და არა იმაზე, რომ ვარჩევდეთ მეათეხარისხოვან საკითხს“, – ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი