ახალი ამბები

ვასილ მაღლაფერიძე გადადგა: რა მოხდება ახლა

18 აგვისტო, 2020 • 1878
ვასილ მაღლაფერიძე გადადგა: რა მოხდება ახლა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს, 18 აგვისტოს განაცხადა. ახლა მაუწყებელში ახალი დირექტორის ასარჩევად შესაბამისი პროცედურები უნდა დაიწყოს.

მაღლაფერიძის გადადგომის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 10 დღის ვადაში უნდა გამოაცხადოს ღია კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე.

კონკურსის გამოცხადების შემდეგ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებების შეტანის პროცესი დაიწყება – მსურველები კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში შეიტანენ განცხადებებს.

გენერალური დირექტორის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და მომდევნო 7 დღის განმავლობაში ნიშნავს გენერალურ დირექტორს.

“გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლისა და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლისა”, – წერია კანონმდებლობაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს 6 წლის ვადით ირჩევენ.


ვასილ მაღლაფერიძემ გადადგომის შესახებ განცხადებით უკვე მიმართა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიიღო არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების გაჩენის თავიდან ასაცილებლად. ის არ აკონკრეტებს, რატომ შეიძლება გაჩნდეს ეჭვი წინასაარჩევნოდ არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით მისი დირექტორობის პერიოდში.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მაღლაფერიძე სამომავლო გეგმებზე საუბრობდა. ის ამბობდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოსახლეობას სწორ ინფორმაციას მიაწვდიდა და “ღირსეულად გაივლიდა” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

ვასილ მაღლაფერიძე დირექტორის თანამდებობაზე 2017 წლის იანვარში დაინიშნა. მაშინ ის ამბობდა, რომ თუ 2019 წლის ბოლოს მის მიერ დასახული გეგმა წარმატებით შესრულდებოდა და მაუწყებლის რეიტინგი 15%-ს ასცდებოდა, იგი იქნებოდა ამაყი და თანამდებობიდან გადადგებოდა.

ამავდროულად, მაღლაფერიძე აცხადებდა, რომ თუ მაუწყებლის რეიტინგი ზემოხსენებულ ნიშნულს ვერ ასცდებოდა, იგი აიღებდა პასუხისმგებლობას და მაინც დატოვებდა დაკავებულ თანამდებობას.

ვასილ მაღლაფერიძე საზმაუს დირექტორობიდან გადადგა

მასალების გადაბეჭდვის წესი