ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ანქვაბს თბილისის ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებენ

17 აგვისტო, 2020 • 1155
აფხაზეთში ანქვაბს თბილისის ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებენ

აფხაზეთში ომის ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაა” , რომელიც აფხაზეთის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტისა და ხელისუფლების ოპოზიციად მიიჩნევა, მორიგ განცხადებაში აფხაზეთის ახალ დე ფაქტო პრემიერს თბილისის ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებს.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ალექსანდრ ანქვაბი იმ ქვეყნის ინტერესებს ლობირებს, რომელთანაც საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ამასთან, უგულებელყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს”, – ნათქვამია “არუაას” მორიგ განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაცია ანქვაბისგან მოითხოვს, საჯაროდ თქვას უარი საკუთარ განცხადებაზე იმის შესახებ, რომ გალის მოსახლეობას აფხაზური მოქალაქეობა მისცენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაცია რიგგარეშე სხდომას გამართავს, სადაც პრემიერ ანქვაბისთვის “უსიამოვნო გადაწყვეტილებებს” მიიღებენ.

იქამდე, გალის მოსახლეობის მიმართ ლოიალობის გამო, მოძრაობა “არუაა” დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბს და მთლიანად, ახალ დე ფაქტო მთავრობას აქციებით დაემუქრა.

ანტიქართული განცხადებებითა და პოზიციებით ცნობილი აფხაზური გაერთიანება “არუაა” ახალ დე ფაქტო ხელისუფლებას აქამდეც მწვავედ აკრიტიკებდა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ქართულ მხარესთან, აღიარების გარეშე, რაიმე ტიპის დიალოგი, თუნდაც სავაჭრო თემაზე, მიუღებელია.

აფხაზეთში რამდენიმე თვის წინ გამართული დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დანიშნული ახალი ხელმძღვანელები [ასლან ბჟანია -დე ფაქტო პრეზიდენტი; ალექსანდრ ანქვაბი – დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, სერგეი შამბა – დე ფაქტო უშიშიროების საბჭოს მდივანი] სხვადასხვა ინტერვიუში, მათ შორის რუსულ მედიაში, ქართულ მხარესთან დიალოგის საჭიროებაზე და გალელებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემაზე საუბრობენ, რითაც ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკურ ძალების შეშფოთებას იწვევს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი