ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალელთა მიმართ ლოიალობის გამო, ანქვაბს და სხვა ლიდერებს აქციებით ემუქრებიან

14 აგვისტო, 2020 • 1075
გალელთა მიმართ ლოიალობის გამო, ანქვაბს და სხვა ლიდერებს აქციებით ემუქრებიან

აფხაზეთში ომის ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაა” , რომელიც აფხაზეთის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტისა და ხელისუფლების ოპოზიციად მიიჩნევა, გალის მოსახლეობის მიმართ ლოიალობის გამო დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბს და მთლიანად, ახალ დე ფაქტო მთავრობას აქციებით ემუქრება.

კერძოდ, ორგანიზაციის განცხადება და მუქარა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის, ალექანდრ ანქვაბის 13 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოზიციას უკავშირდება.

აპსნიპრესისთვის მიცემულ ინტერვიუში, ანქვაბმა განაცხადა, რომ გალში მცხოვრებ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ უბრძოლიათ, აფხაზეთის მოქალაქეებად მიიჩნევს და, შესაბამისად, მიზანშეწონილად მიაჩნია მათთვის აფხაზური მოქალაქეობის მინიჭება.

“უკიდურესად შეშფოთებული ვართ პრემიერ-მინისტრ ალექანდრ ანქვაბის განცხადებით. ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი მდგომარეობს იმაშიც, რომ ეს განცხადება აფხაზეთის სამამულო ომის 28-ე წლისთავის დღეებში გაისმა”.

ორგანიზაცია “არუაა” ანქვაბს ახსენებს, რომ 2014 წელს, ის, როგორც აფხაზეთის პრეზიდენტი, სწორედ აფხაზური პასპორტების უკანონო გაცემის საკითხს და აფხაზეთის “მოქალაქეობის შესახებ” კანონის უგულებელყოფას გადაჰყვა.

“კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, რომ ნებისმიერი მცდელობა “მოქალაქეობის შესახებ” აფხაზეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო კანონის დარღვევისა, რომელიც მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან ითვალისწინებს ორმაგ მოქალაქეობას, ჩვენ შევაფასებთ როგორც ანტისახალხო ქმედებას, რომელიც ჩვენი გამარჯვების გადახედვისკენაა მიმართული”.

თუკი აფხაზეთის მთავრობა მსგავს ნაბიჯებს გადადგამს, ყველა ვეტერანს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციებისკენ მოვუწოდებთ.

ანტიქართული განცხადებებითა და პოზიციებით ცნობილი აფხაზური გაერთიანება “არუაა” ახალ დე ფაქტო ხელისუფლებას აქამდეც მწვავედ აკრიტიკებდა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ქართულ მხარესთან, აღიარების გარეშე, რაიმე ტიპის დიალოგი, თუნდაც სავაჭრო თემაზე, მიუღებელია.

აფხაზეთში რამდენიმე თვის წინ გამართული დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დანიშნული ახალი ხელმძღვანელები [ასლან ბჟანია -დე ფაქტო პრეზიდენტი; ალექსანდრ ანქვაბი – დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, სერგეი შამბა – დე ფაქტო უშიშიროების საბჭოს მდივანი] სხვადასხვა ინტერვიუში, მათ შორის რუსულ მედიაში, ქართულ მხარესთან დიალოგის საჭიროებაზე და გალელებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემაზე საუბრობენ, რითაც ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკურ ძალების შეშფოთებას იწვევენ.

შამბა აცხადებს, რომ გალელებისთვის ბინადრობის მოწმობა შეურაცხმყოფელია

მასალების გადაბეჭდვის წესი