ახალი ამბები

ხელისუფლებამ დოკუმენტაცია წარმოადგინოს, ვინ წავიდა სამთავრობო თვითმფრინავით — სამადაშვილი

17 აგვისტო, 2020 • 1073
ხელისუფლებამ დოკუმენტაცია წარმოადგინოს, ვინ წავიდა სამთავრობო თვითმფრინავით — სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, იმის დასამტკიცებლად, რომ სამთავრობო თვითმფრინავით 16 აგვისტოს მინსკში საქართველოს ელჩი ჩაფრინდა, ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს.

“ეს არჩევნები ბელარუსში არ იყო რიგითი არჩევნები, ვხედავთ, რაც ხდება და გაუგებარია, როგორ შეიძლება, რომ წინა დღეს ელჩმა შვებულება დაიწყოს. თუ ოფიციალურ ვერსიას გვთავაზობენ, რომ ელჩის წასაყვანად ოფიციალური თვითმფრინავი გამოიყენეს, სწორი იქნება, რომ ხელისუფლებამ ის დოკუმენტაცია წარმოადგინოს, რომელიც საზოგადოებას აჩვენებს, რეალურად ვინ ჩამოვიდა და ვინ წავიდა ამ თვითმფრინავით”, — განუცხადა რუსთავი 2-ს სამადაშვილმა.

გუშინ, 16 აგვისტოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი, რომლის ექსპლოატაციასაც “ჯორჯიან ეარვეიზი” ახორციელებს, 16 აგვისტოს თბილისიდან მინსკში გაფრინდა, შემდგომ კი უკან დაბრუნდა.

თავდაპირველად, ანალიტიკოსმა ეგორ კუროპტევმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლების კუთვნილი თვითმფრინავი 16 აგვისტოს – ლუკაშენკოს წინააღმდეგ აქციების დღეს – მინსკში ჩაფრინდა, იქ ერთი საათი დაჰყო და უკან დაბრუნდა. ამას მოჰყვა ცნობა თვითმფრინავში სალომე ზურაბიშვილის ყოფნის შესახებაც.

ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ კატეგორიულად გამორიცხა ზურაბიშვილის მიერ არათუ საქართველოს, არამედ თბილისის დატოვებაც.

დღეს, 17 აგვისტოს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამთავრობო თვითმფრინავის მინსკში ჩაფრენის მიზეზი განმარტა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 16 აგვისტოს  სამთავრობო თვითმფრინავით მინსკში ჩავიდა ბელორუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რომელიც საქართველოში 6 აგვისტოდან იმყოფებოდა.

16 აგვისტოს მინსკსა და სხვა ქალაქებში გაიმართა მასშტაბური აქციები ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი