ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მინსკსა და სხვა ქალაქებში გამოდიან დემონსტრანტები, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. სოლიდარობის აქციები იმართება მსოფლიოს რიგ დედაქალაქებში, მათ შორის – თბილისში.
პირველი სკოლის წინ აქციების ორგანიზატორია ირა მასალსკაია. ის ბელარუსიდან საქართველოში ორი წლის წინ ჩამოვიდა. მცირე ოპოზიციური აქტივობების გამო, სამშობლოში არაერთგზის დააპატიმრეს, რის შემდეგაც პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდა, თუმცა ბოლო თვეების მოვლენებმა კვლავ გააქტიურებისკენ უბიძგა.
აქტივიზმზე, ბელარუსში მიმდინარე პროტესტზე, ალექსანდრე ლუკაშენკოსა და სხვა საკითხებზე “ნეტგაზეთი” მას პირადად ესაუბრა:
- პირველ რიგში, მოგვიყევით თქვენზე, თქვენს ცხოვრებასა და აქტივიზმზე ბელარუსში. რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში დამკვიდრება?
ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი ბელარუსში. როცა წამოვიზარდე, ინტერესი გამიჩნდა ჩვენი ისტორიის, კულტურის მიმართ. მეტი გავიგე [პოლიტიკური] ოპოზიციის – არა წარმატებულის, თუმცა, მაინც ოპოზიციის – შესახებ. გავხდი მეტად შთაგონებული, თუმცა რამდენიმე პროტესტში მონაწილეობის შემდეგ დამაპატიმრეს. ასე მაპატიმრებდნენ და მაპატიმრებდნენ.
ეს ძალიან ტრავმული არ ყოფილა ჩემთვის; არავის ვუცემივარ და უძალადია ჩემზე, საბედნიეროდ. თუმცა, სცემდნენ ჩემს მეგობრებს. ამბობდნენ: “დაიცადოს ამ ბო*მა გარეთ”. ამის შემდეგ, მესმოდა ჩემი მეგობრების ყვირილი შიგნიდან.
დრო გავიდა, მიდიოდა ცხოვრება და მივხვდი, რომ ჩემი ძალებით რეჟიმთან ბრძოლა უაზრო იყო. არ მქონდა საკმარისი თავდაჯერებულობა, არ მჯეროდა საკუთარი თავის [იმ დონეზე], რომ რომელიმე ორგანიზაციას შევერთებოდი, გავმხდარიყავი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ფიგურა… ასე რომ, დავნებდი და ქვეყანა დავტოვე.
თითქმის 2 წელია, აქ ვცხოვრობ. თავისუფლების ქარი ჩემთვის, როგორც უცხოელისთვის, ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მინდა აქ ცხოვრება. უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს, როცა ქუჩაში დავდივარ. არ მეშინია, რომ დამაპატიმრებენ, როდესაც კანონს არ ვარღვევ. ბელარუსში, საკუთარ სახლშიც, მუდმივად მზად უნდა იყო, რომ რაიმე უსიამოვნებას გადაეყრები. ეს შეიძლება მოხდეს, შეიძლება – არა, მაგრამ ყოველთვის მზად უნდა იყო.
აქ ახალ ამბებსაც კი არ ვადევნებდი თვალს ახლოდან. მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა ძალიან ვარ კონცენტრირებული ბელარუსზე. ჩემი მეგობრებიც, რომლებიც ასევე არ ერეოდნენ პოლიტიკაში, ასე არიან: ცდილობენ, თვითორგანიზდნენ, ააგროვონ შემოწირულობა პოლიტპატიმრებისთვის, დააფუძნონ ვებგვერდები…
არჩევნების დღეს, საქართველოში მყოფი თითქმის ყველა ბელარუსელი შეიკრიბა [თბილისში არსებულ] საარჩევნო უბანთან და მთელი დღე, მისი გახსნიდან დახურვამდე, იქ გავატარეთ. ვმღეროდით, ვსკანდირებდით, ვურთიერთობდით ერთმანეთთან… გავხსენით ჯგუფები ტელეგრამსა და ვოთსაფზე და უფრო ორგანიზებული გავხდით.
ამის შემდეგ მოგვიწია ბრძოლა საელჩოში, რადგან უარს გვეუბნებოდნენ არჩევნების შედეგების ჩვენებაზე. ამის გამო, ღამის პირველ საათამდე საელჩოს წინ ყოფნა მოგვიწია. ეს მაშინ, როცა შედეგები 21:00 საათზე უნდა ეჩვენებინათ. ბოლოს, მხოლოდ 2 ადამიანი შეუშვეს შიგნით დოკუმენტის[ოქმის] სანახავად და მონიშვნების ამოსაწერად, თუმცა არ მისცეს უფლება, გადაეღოთ ფოტოები. ამ დრომდე არ მოუციათ ჩვენთვის არაფერი ოფიციალური და დღემდე არ ვიცით, ეს ფურცელი, რაც გვაჩვენეს, ნამდვილი იყო თუ ყალბი.
შემდგომ გვითხრეს, ვადა ამოიწურა, თქვენ დროულად არ მოხვედით დოკუმენტის სანახავად, ის უკვე გავგზავნეთ ბელარუსში და ვეღარ გაჩვენებთო. ასე რომ, მთელი ჩვენი მუშაობა, ჩვენი მოხალისეების შრომა, რომელთაც მთელი დღე გაატარეს საელჩოს წინ, ფუჭი აღმოჩნდა. ახლა ის მინიმალური, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, უნდა ვაჩვენოთ სოლიდარობა და შევეცადოთ, მივიღოთ რაიმე განაცხადი საქართველოს მთავრობისგან.
- რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი დემონსტრაციების გამართვა აქ, მრავალი კილომეტრის დაშორებით ბელარუსიდან? რას ეუბნებით პროტესტის მონაწილეებს?
იმისათვის, რომ იცოდნენ, რომ მარტო არ არიან; რომ თითოეული ქვეყნიდან, სადაც ბელარუსელები ცხოვრობენ, მათ აქვთ მხარდაჭერა. თუ ახლა ვინმე ბელარუსის რომელიმე პატარა ქალაქში ზის, 15 წუთით შეძლებს ინტერნეტით სარგებლობას და ნახავს ამ კადრებს საქართველოდან, ნიდერლანდებიდან თუ გერმანიიდან, იტყვის, “ჩვენ მარტო არ ვართ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ”. ხალხი ბელარუსში აწყდება დიდ პროპაგანდას, დეზინფორმაციას, დიდი დაბნეულობაა. თუ ჩვენი აქტივობა ვინმესთვის 0.1%-ით მაინც მოიტანს სიცხადეს, ჩვენ ამას [ისევ] გავაკეთებთ.
ნაწილობრივ, ეს ეგოისტურიცაა: ჩვენ აქ ვართ, საქართველოში… ერთგვარად, გაჭედილები. რომც გვინდოდეს, ვერ დავბრუნდებით, ფრენები არ არის. თუ არის, 500 დოლარამდე ღირს. ასე რომ, გაჭედილები ვართ და ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ გავიდეთ გარეთ. ზოგიერთ ადამიანს წყალი, ნამცხვრები, ტკბილეული მოაქვს… ზოგი ფოტოებს იღებს. ეს ერთი მხრივ გიცავს კიდეც სტრესისაგან იმ ფონზე, როცა დილის ექვს საათამდე კითხულობ ახალ ამბებს ბელარუსიდან. უკვე იმაზე კი ვეღარ ფიქრობ, რა საშინელება ხდება, უფრო იმაზე ფიქრობ, რა შეგიძლია გააკეთო შენ.
- ლუკაშენკო 26 წელია ხელისუფლებაშია. გასულ არჩევნებზეც იყო პროტესტი, თუმცა არა ამ მასშტაბების. საინტერესოა თქვენი პერსპექტივიდან, რა მოხდა წელს? რეალური ალტერნატივა გამოჩნდა ოპოზიციაში თუ უბრალოდ, ხალხი დაიღალა კონკრეტული პრობლემებით?
25 წლის ვარ, ბელარუსში გავიზარდე და ლუკაშენკოა ის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც [დაბადებიდან დღემდე] ვხედავ. ჩვენ ახლა გვყავს მთელი თაობა ადამიანების, რომლებიც ლუკაშენკოს პირობებში გაიზარდნენ და ხედავენ, როგორ უარესდება წლიდან წლამდე ვითარება: როგორ მცირდება თავისუფლების მაჩვენებელი, ეკონომიკური სტაბილურობა და იზრდება პროპაგანდა.
ხალხს ეს ყელში ამოუვიდა. ადამიანები, რომელთაც 20 წლის წინ ჰქონდათ ნდობა ლუკაშენკოს მიმართ, ახლა უძლურნი არიან კვლავ მოიტყუონ თავი. ახალგაზრდები, რომლებიც იყენებენ თანამედროვე მედიასაშუალებებს მთელი მსოფლიოდან, ასევე ვერ მოტყუვდებიან ადვილად.
[მზარდი პროტესტის] მიზეზებს შორისაა კორონავირუსიც: ლუკაშენკო ამბობდა, რომ კორონავირუსი უბრალოდ არ არსებობს. ჟურნალისტს ეკითხებოდა: “თქვენ ნახეთ კორონა? მაჩვენეთ და შემდგომ დავიჯერებ”. “დალიეთ ცოტა არაყი და უკეთ იქნებით”. გენიოსი…
შეგვრცხვა, რომ ეს კაცი წარმოგვადგენს მსოფლიოს წინაშე: ბელარუსელები ჭკვიანი და ძლიერი ხალხია. არ ვიმსახურებთ ამ ადამიანს და მის მცირერიცხოვანი პირებისაგან შემდგარ ელიტას, რომლებიც საერთაშორისო არენაზე წარგვადგენენ და უკან, საბჭოთა წარსულში გვაბრუნებენ.
- არჩევნების მეორე დღეს სვეტლანა ტიხანოვსკაიამ დატოვა ქვეყანა, თუმცა პროტესტი გრძელდება. ბოლო დღეებში მისი მასშტაბები გაიზარდა კიდეც. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პროტესტის მონაწილეებს არ სჭირდებათ კონკრეტული ლიდერი? ზოგიერთი სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ კუთხით და ელოდა, რომ ტიხანოვსკაიას გამგზავრება ტალღას შეასუსტებდა…
ორი მომენტია: უპირველესად, ხალხი თვითორგანიზებული გახდა. დიდი ხნის მანძილზე ჩვენ არ გვყოლია ოპოზიცია. ჩვეულებრივ, თუ ვინმე აყალიბებს და ზრდის ოპოზიციას ლუკაშენკოს წინააღმდეგ, ის მკაცრად ისჯება: მის ოფისში რეიდი ტარდება და აპატიმრებენ. ვხუმრობთ კიდეც, რომ ჩვენი ოპოზიციის ყველა ლიდერი უკვე პოლონეთშია.
ბოლო თვეებში ხალხი იძულებული გახდა თვითორგანიზებულიყო: კორონავირუსთან საბრძოლველად ჩამოყალიბდა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც ექიმებს მედიკამენტებითა და სხვა საჭირო ატრიბუტებით უზრუნველყოფდნენ. იყვნენ მოხალისეებიც, რომლებიც ფულს აგროვებდნენ პოლიტიკური პატიმრებისთვის.
ხალხისთვის ახლა დიდად მნიშვნელოვანი არ არის, რომ აუცილებლად სვეტლანა იყოს ლიდერი. ისინი ლუკაშენკოთი დაიღალნენ. მათ სურთ ვიღაც სხვა, ვისაც არ ექნება არანაირი კავშირი მასთან. სვეტლანას ერთ-ერთი დიდი მიღწევა არის ის, რომ მან გააერთიანა ბელარუსი. ჩვენ ახლა რეალურად ვართ ერი. ჩემნაირმა ადამიანებმა, რომლებიც წლების მანძილზე ყველანაირ პოლიტიკას ერიდებოდნენ, უცებ ისევ დაიწყეს ამაზე ფიქრი. მან იმედი ჩაგვისახა.
ასე რომ, პირველი მომენტი არის ეს: ვართ ძლიერები და თვითორგანიზებულები. მეორე მომენტი ის არის, რომ ბევრ ადამიანს არ სჯერა, რომ სვეტლანამ საკუთარი, თავისუფალი ნებით დატოვა ქვეყანა. ჩვენ ვნახეთ მისი სიტყვით გამოსვლები მანამდე და [ვნახეთ მისი განცხადება] ბნელი ოთახიდან, რომელსაც ის ფურცლიდან კითხულობდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათი გაატარა ჩაკეტილ კარს მიღმა, ძალოვანებთან ერთად. აშკარაა, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა და ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, როცა მთელი სიტყვა ფურცლიდან წაიკითხა და ერთხელაც არ შეუხედავს კამერისთვის.
ცხადია, სასიამოვნო იქნებოდა, რომ ეთქვა: გააკეთეთ, რაც გინდათ, არ მადარდებს, ვაპირებ, რევოლუციის ლიდერი ვიყო. თუმცა, ეს არაგონივრული იქნებოდა და იმედი მაქვს, რომ ასეთი თავგანწირვა საჭირო არ იქნება, რადგან ბელარუსელი ხალხი იბრძოლებს.
- შესაბამისად, ფიქრობთ, რომ ცვლილება შესაძლებელია ლიდერის გარეშე?
დიახ, ახლა ყველა საკუთარი თავის ლიდერია.
- ფიქრობთ, რომ ლუკაშენკო დათმობს რაიმეს ამ პროტესტისა და ენთუზიაზმის გამო? აქამდე მისი რიტორიკა იყო, რომ ეს ხალხი გარე ძალებისგან ფინანსდება…
ვფიქრობ, ლუკაშენკო ცოტათი სასაცილოა. ერთ დღეს ამბობს, რომ რუსეთი მტერია და გვემუქრება რუსეთით, რომ ის მოვა და დაიპყრობს მას. მეორე დღეს რუსეთში მიდის დახმარების სათხოვნელად, ამბობს, რომ ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ და ვართ ყოველთვის ერთად. ლუკანშენკო წლების მანძილზე ცდილობს, დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთთან დაპირებების მიცემით, რომელთა შესრულებასაც ის არასდროს გეგმავს.
ვფიქრობ, ახლა ის დაბნეულია და ცდილობს ყველაფერს ჩაეჭიდოს, რათა რაიმე ახსნა მოუძებნოს ბოლო მოვლენებს. აშკარაა, რომ პანიკაშია და არ ელოდა, რომ ხალხი ასე ძლიერად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას. ის ფიქრობს, რომ ჩვენ არ ვართ ძლიერი ერი, რომ ვართ ცხვრები, რომლებიც ძლიერი ხელით უნდა მართონ. ვცდილობდი, წარმომედგინა ყველაზე უარესი გზა, რომლითაც ის ამ ვითარებას უპასუხებდა, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რომ ის ასეთი ცუდია. ვფიქრობ, ახლა ეცდება, რაიმე ხელჩასაჭიდი ნახოს ხელისუფლებაში დასარჩენად, მაგრამ ბელარუსელი ხალხი ამას აღარ დაყაბულდება.
- ზოგიერთი ადამიანი ბელარუსში მიმდინარე პროცესებს გეოპოლიტიკურ ჭრილში განიხილავს: არის თუ არა ლუკაშენკოს წასვლა რუსეთის ინტერესში, არის თუ არა ეს პროტესტი პროდასავლური ან პირიქით… როგორ ფიქრობთ, მართებულია თუ არა მოვლენების ამ ჭრილში განხილვა დღეს?
ბელარუსი სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მე არ ვუყურებ ამ პროტესტს, როგორც რაღაც პროდასავლურს ან პრორუსულს. ეს ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს არჩევნებსა და ჩვენს ხელისუფლებას. ლუკაშენკო უნდა წავიდეს და ეს ყველასათვის აშკარაა ბელარუსში. საჭიროა ფოკუსირება ბელარუსზე: ეს ჩვენი პრობლემაა, რომელიც 26 წელია დღის წესრიგში დგას. არ განვიხილავ ამას დასავლურად ან აღმოსავლურად. ვფიქრობ, თუ გვექნება ცვლილება, სვეტლანა ტიხანოვსკაია დაიკავეს პრეზიდენტის პოსტს, გვექნება სამართლიანი არჩევნები და დავუახლოვდებით დემოკრატიულ ფასეულობებს… ალბათ, ეს იქნება შთაგონება სხვა ქვეყნებისთვისაც: ეს იქნება რუსეთი, აფრიკისა თუ ლათინური ამერიკის ქვეყნები თუ სხვა… ეს[ბელარუსი] არ არის უკანასკნელი დიქტატურა და უკანასკნელი პოლიციური სახელმწიფო. ამას ვიმედოვნებ, როგორც ადამიანი, რომლისთვისაც ძვირფასია ადამიანის უფლებები და დემოკრატია.
- რაიმეს ხომ არ დაამატებდით, რის შესახებაც არ მიკითხავს?
ვიმედოვნებ, რომ ხალხი საქართველოში ჩვენს პროტესტს ცუდად არ მიიღებს. სამწუხაროდ,ზოგჯერ მოდის ზოგიერთი ადამიანი და გვეუბნება: აქ რას აკეთებთ? ბელარუსი რუსეთის ნაწილი არ არის?ვიმედოვნებ, მეტი ადამიანი გაიღრმავებს ცოდნას ბელარუსზე და აღარ იტყვიან, რომ ლუკაშენკო ძლიერი, შესანიშნავი ლიდერია, რომელიც წესრიგს ინარჩუნებს ქვეყანაში… რომ ჩვენ ბედნიერები უნდა ვიყოთ და არ უნდა დავიჩივლოთ ამ ბედნიერებაზე.
ძალიან ვწუხვარ, როცა საქართველოში ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ცხოვრების სტანდარტი ბელარუსში ძალიან მაღალია, რომ ჩვენ უზარმაზარ ხელფასებს ვიღებთ და ა.შ. ბევრი ხალხი ვიცი ბელარუსში, ახალგაზრდა თუ უფროსი სპეციალისტები, როლებიც თვეში $200-ზე მუშაობენ… ხალხი, რომელიც ცხოვრობს ხელფასიდან ხელფასამდე. ეს არის მოცემულობა, რომელშიც უმრავლესობა ცხოვრობს და სურათი უფრო მძიმეა სოფლად, ვიდრე ქალაქად. ლუკაშენკო ანგრევს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს. რთული მოსასმენია, როცა ვიღაც მას განადიდებს საკითხის ცოდნის გარეშე.
ასევე ვიმედოვნებ, რომ ადამიანები, რომლებიც ამ საკითხზე პოზიციას აფიქსირებენ, ცოტა დროს დაუთმობენ მასზე მეტი ცნობების მოძიებას. ძალიან მარტივია გაზეთის ერთი სტატიის წაკითხვა, სადაც წერია: სადაცაა რუსეთი მიიღებს ბელარუსს და ისინი ერთ ქვეყანად გაერთიანდებიან. მაგრამ, შეგიძლია, ნახევარი საათი გამოყო, გაიგო, რა ხდება რეალურად და შეიქმნა შენი, დამოუკიდებელი აზრი, ნაცვლად ახალი ამბების ნაწილიდან მოსმენილის გამეორებისა.








