ახალი ამბები

თვითმხილველი: კარანტინში, მე-4 სართულიდან გადმოვარდნამდე კაცთან 2 პოლიციელი იყო

14 აგვისტო, 2020 •
თვითმხილველი: კარანტინში, მე-4 სართულიდან გადმოვარდნამდე კაცთან 2 პოლიციელი იყო

ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა კაცი გადავარდა. შემთხვევა 14 აგვისტოს, დილის 3 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილიდან კაცი სასწრაფომ კლინიკა „ბაუში“ გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების შეფასებით, კაცს აქვს მრავლობითი მოტეხილობა და მისი მდგომარეობა მძიმეა.

„ბათუმელები“ ესაუბრა თვითმხილველს, რომელიც საკარანტინო სივრცეში მომხდარ ამბავს შეესწრო.

„გუშინ ღამე გამაღვიძა ვიღაცის ყვირილმა. „ყველანი დავიხოცებით, ყველანი მოვკვდებით, აქ ვერ გადავრჩებით“, – ასეთი ხმები იყო. კი ვიცოდი, რომ კარანტინის გამო ოთახი არ უნდა დამეტოვებინა, მაგრამ ვიფიქრე, რომ რაღაც ხდებოდა – ან ხანძარი იყო, ან რამე სიცოცხლისთვის საშიში.

გარეთ რომ გამოვედი, ჰოლში დამხვდა სისხლის წვეთები. გავყევი კვალს და ვიპოვე ბიჭი, რომელიც იყო ერთი სართულით ზევით, მეოთხე სართულზე და ყვიროდა – აქ ვერ გადავრჩები, აუცილებლად გამიყვანეთ აქედანო.

მე ვთხოვე დამშვიდებულიყო. მან მთხოვა დამერეკა პატრულისთვის და დავხმარებოდი.

ამასობაში, სანამ ვამშვიდებდი, ხელში ეკავა სავარძელი, უბრახუნებდა კედელს, არ მომეკაროთო, იძახდა. სანამ ვეხვეწებოდი, სკამი დადე-მეთქი, ამ დროს პატრული და კიდევ ერთი კაცი ამოვიდა. ეს კაციც ამ ბიჭთან ერთად იყო ნომერში მოთავსებული. ამ ბიჭს ხელი ჰქონდა დაზიანებული, გაჭრილი. როგორც მითხრა, ხელი მაშინ დაიზიანა, როცა აკავებდა თანამეოთახეს.

პატრულმა მომთხოვა ოთახში დავბრუნებულიყავი, რადგან საკარანტინო სივრცის დატოვების უფლება არ მქონდა. თავიდან არ ვბრუნდებოდი, მაგრამ მერე მეორედ მთხოვეს და დავბრუნდი. ცოტა ხანში რაღაც ხმაური გავიგე. აივანზე გავედი და სხვა კარანტინში მყოფებმა მითხრეს, რომ ვიღაც ბიჭი მეოთხე სართულიდან გადმოხტა.

ვერ დავიჯერე, რომ ეს ის ბიჭი იყო, მეოთხე სართულიდან, რადგან სამ ადამიანთან ერთად დავტოვე. მალევე მოვიდა სასწრაფო და კიდევ დამატებით პატრული. საკაცით წაიყვანეს ეს ბიჭი, სულ გასისხლიანებული იყო. როგორც მითხრეს, ეს ბიჭი თურქეთიდან ჩამოსულა და გზაშივე ამბობდა თურმე, კარანტინში ვერ გავძლებო“, – უყვება „ბათუმელებს“ თვითმხილველი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შს სამინისტროს იმის გასარკვევად, რატომ ვერ მოახერხა ამ უბედური შემთხვევის აღკვეთა საპატრულო პოლიციის ორმა თანამშრომელმა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ პასუხს აქვე შემოგთავაზებთ.

სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა“.

„ბათუმელებს“ კლინიკაში უთხრეს, რომ „დილის ოთხ საათზე შემოიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანამ დაშავებული, აქვს მრავლობითი ტრავმა, ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა არის მძიმე“.

სამინისტროს ინფორმაციითვე, საქართველოს მოქალაქე „ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც, სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი