ახალი ამბები

ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი კონკურენცია იქნება ვაკეში – კობერიძე

13 აგვისტო, 2020 • 1147
ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი კონკურენცია იქნება ვაკეში – კობერიძე

ვაკის ოლქში “ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან კობერიძე, რომელმაც “ქართული ოცნება” 2019 წლის მაისში დატოვა, საკუთარი კანდიდატურის დაყენებას იმით ხსნის, რომ “ლელო” ალტერნატივას სთავაზობს იმ ამომრჩევლებს, ვისაც არც “ქართული ოცნება” და არც “ნაციონალური მოძრაობა” უნდა.

“ვაკის ამომრჩეველს, რომელსაც არ უნდა არც “ქართული ოცნება” და არც “ნაციონალური მოძრაობა”,  რა პასუხი უნდა გასცეს “ლელომ”, რომელიც შემოდის პოლიტიკურ ველზე და ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლისთვის”, — განაცხადა კობერიძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ თუ თავად აღარ არის “ქართული ოცნება”, აღარც ელენე ხოშტარიაა “ნაციონალური მოძრაობა”,  კობერიძემ გაიხსენა წარსულში ხოშტარიას “ნაციონალური მოძრაობასთან” კავშირები.

“ელენე იყო თავის დროზე, იგივე “ნაციონალური მოძრაობის” დროს მინისტრის მოადგილე. გასაგებია, რომ მან მერე ბოდიში მოიხადა, როდესაც პარლამენტში შემოსვლის შემდეგ “ევროპული საქართველო” გაემიჯნა “ნაციონალურ მოძრაობას”, შიგნით მოხდა რაღაც განხეთქილება. პიროვნულად მეც კარგი ურთიერთობა მაქვს ელენესთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარტიული ნიშნით, შეხედულებების ნიშნით ვინმეს, ან რაღაც არ გვახსოვს, ან მომავალზე არ შეგვიძლია ვისაუბროთ”, — ამბობს კობერიძე.

კობერიძის თქმით, მასსა და ელენე ხოშტარიას შორის კონკურენციის პირობებში “ქართულ ოცნებას” კონკურენციის ველი აღარ დარჩება.

“მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი კონკურენცია იქნება ვაკის რაიონში და მგონია, რომ “ქართულ ოცნებას”, პრაქტიკულად, კონკურენციისთვის ველი აღარ დარჩება ჩემსა და ელენეს შორის კონკურენციის შორის შემთხვევაში”, — განაცხადა კობერიძემ TV პირველთან ინტერვიუში.

“ლელომ” ვაკეში მაჟორიტარ კანდიდატად ლევან კობერიძე 12 აგვისტოს წარადგინა. როგოც მან ბრიფინგზე თქვა, “ლელოსთან” ერთად ეცდება ყველა ის პრობლემა გამოასწოროს, რის გამოც მანამდე “ოცნებას” აკრიტიკებდა.

მანამდე, ივნისში, “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ, სავარაუდოდ, მისი პოლიტიკური გაერთიანება ელენე ხოშტარიას მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში კონკურენტ კანდიდატს არ დაუყენებდა.

“ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განმარტა, რომ კობერიძის ვაკეში დადგომა “ოცნების” კანდიდატის დამარცხების გარანტიაა.

” ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა და ვაკის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ნაწილის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ კი თქვა, რომ “ლელოს” მიერ ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატად ლევან კობერიძის დაყენება მისთვის მოულოდნელობა იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი