” ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი და ვაკის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ნაწილის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი, ელენე ხოშტარია “ლელოს” მიერ ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატად ლევან კობერიძის წარდგენას გამოეხმაურა. როგორც ხოშტარია ამბობს, მისთვის ვაკეში “ლელოს” მხრიდან კანდიდატურის დაყენება მოულოდნელობა იყო.
თუმცა, მისივე თქმით, ეს ჩრდილს ვერ მიაყენებს “ლელოს” მიმართ მის დამოკიდებულებას და მნიშვნელოვანია, რომ ახლა უფრო მთავარ საკითხებზე კონცენტრირდნენ.
“ლელოს” მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად, თუმცა ეს ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ. მიმაჩნია, რომ ლელოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოალიციისთვის და მომავალი მრავალფეროვანი მმართველობისთვის!
არის პატარა და დიდი საკითხები. მთავარზე ვკონცენტრირდეთ და შევცვალოთ ეს მთავრობა უკეთესით, დაბალანსებული ძალაუფლებით”, — წერს ხოშტარია “ფეისბუქზე”.
“ლელომ” ვაკეში მაჟორიტარ კანდიდატად ლევან კობერიძე 12 აგვისტოს წარადგინა. როგოც მან ბრიფინგზე თქვა, “ლელოსთან” ერთად ეცდება ყველა ის პრობლემა გამოასწოროს, რის გამოც მანამდე “ოცნებას” აკრიტიკებდა.
მანამდე, ივნისში, “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ, სავარაუდოდ, მისი პოლიტიკური გაერთიანება ელენე ხოშტარიას მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში კონკურენტ კანდიდატს არ დაუყენებდა.
“ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განმარტა, რომ კობერიძის ვაკეში დადგომა “ოცნების” კანდიდატის დამარცხების გარანტიაა.