ახალი ამბებირეკლამა

ნისლის, მისტიკისა და ყველის მოყვარულთა სამოთხე – 7 ბლოგერის მოგზაურობა აჭარის მთებში

12 აგვისტო, 2020 • 1479
ნისლის, მისტიკისა და ყველის მოყვარულთა სამოთხე – 7 ბლოგერის მოგზაურობა აჭარის მთებში

მისტიური ბუნებით, ტრადიციებით, ტყეებში მიმოფანტული ხის სახლებითა და ჩანჩქერებით აჭარის მთიანეთი წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირველად ესტუმრეთ აქაურობას. წელს აჭარის მთიანეთში შვიდმა ბლოგერმა იმოგზაურა, მათგან ზოგი პირველად იყო ამ კუთხეში. ბლოგერები საკუთარ შთაბეჭდილებებსა და დაკვირვებებზე საუბრობენ. 

  • გურამ შეროზია

გურამ შეროზია ბავშვებთან ერთად, ჩირუხი.

ძალიან იაფია საოჯახო სასტუმროებში დასვენება მთიან აჭარაში. გასაოცარია აქაური სტუმარმასპინძლობის წესები, მთიანეთში დააგემოვნებთ უგემრიელეს კერძებს, გაცვლით უამრავ ისტორიას ადამიანებთან.

მთის კლიმატი, დღისით მცხუნვარე მზე, ღამით კი სიცივე და შეშის ღუმელი.

ძალიან ბევრის თქმა შემიძლია აჭარულ კერძებზე: სინორი, ბორანო, ნაღბიბორა, აჭარული ხაჭაპური – ეს სამზარეულო ყველის მოყვარულთა სამოთხეა. 

ჩირუხი. გურამ შეროზიას ფოტო

გამოვარჩევდი საოცარ ბუნებას, ულამაზეს ხედებს, ხის ქოხებიან სოფლებს – ეს ყველაფერი წარმოუდგენლად ფოტოგენურს ხდის მთიან აჭარას.

  • სოსო ნებიერიძე
სოსო ნებიერიძე. ბლოგერი

სოსო ნებიერიძე

ყველაზე შთამბეჭდავი აჭარაში საძოვრები, იალაღები იყო. აქ ხალხი ზაფხულობით ამოდის, ყველა შინ გეპატიჟება, უცებ შემოდიან კონტაქტში, ახლობლებივით.

სიცოცხლე ჩქეფს აჭარის მთებში აღმოსავლეთის მთიანეთისგან განსხვავებით. ზაფხულობით აქ ბევრი ბავშვია. ერთობიან, ჟრიამულია. შეიძლება ისეთი ადგილები აღმოაჩინო, მხოლოდ ადგილობრივებმა რომ იციან და ფოტოებზეც არსად გინახავს.

შუამთის ტბები

შარშან ვნახეთ, მაგალითად, შუამთის ტბები. ხიხანის ციხესა და ბეშუმს შორისაა, ისე მაღალზეა ეს სამი ტბა, რომ ხიხანიც კი ჩანს იქიდან, ანუ ხიხანზე მაღლაა. იქვეა საძოვრებიც. აქამდე არაფერი ვიცოდი ამ ტბებზე, ფოტოც არ მქონდა ნანახი.

  • ნათია ლილიუმი

ნათია ლილიუმი

წელს მეორედ ვიყავი მთიან აჭარაში. საქართველოში ყველგან ვარ ნამყოფი, მაგრამ მთიანი აჭარის მსგავსი არსად მინახავს. ჩემი რჩეული ადგილი ჩირუხია. აქაურები ყველაზე მეგობრული ხალხია, ვინც კი აქამდე მინახავს.

ჩირუხი საზაფხულო საძოვარია. დიდთოვლობის გამო ზამთარში იქ არავინ ცხოვრობს.

ბათუმიდან სულ 15 წუთის სავალზეა ჩემთვის მეორე, განუმეორებელი ადგილი სახალვაშო, საიდანაც ფრინველების გადაფრენას აკვირდებიან – მთის სოფელშიც ხარ და ზღვაც ჩანს. სახალვაშოში საოჯახო სასტუმროებიცაა.

წელს პირველად ვიყავი მტირალაზე და ძალიან მომეწონა. დაგვხვდა ძაღლი, რომელმაც მიგვაცილა მტირალას ჩანჩქერამდე და ჩამოგვაცილა. ეს ძაღლი ამ პარკში ცხოვრობს და ყველა ტურისტს ასე აცილებს თურმე, მიჰყავს ჯგუფები და მოჰყავს. მტირალაზევეა ტყეში გაბმული ზიპლაინი. ეს არის ჩემი საყვარელი ადგილები აჭარაში.

სამასწოლოვანი ხის ხიდი სოფელ ხაბელაშვილებში. ნათია ლილიუმის ბლოგი.

მისტიურია ჩირუხიც, როდის მოდის და როდის მიდის ნისლი, ვერ გაიგებ.

მთიან აჭარაში გამორჩეულად გულღია, ლაღი და თბილი ხალხი ცხოვრობს. ბაირამის დღესასწაულზე აღმოვჩნდით აჭარაში. საინტერესო წეს-ჩვეულებები გაცოცხლდა ჩვენ თვალწინ. ოჯახში ახალდაბადებული ბავშვი ჰყავდათ. მამამ შინ შეგვიპატიჟა, სახლში შესვლამდე კი გვითხრა, ანთებულ ასანთს შემოგატარებთ, ავი სულები რომ არ შემოგყვეთ და ისე შედითო. თითქოს არაფერი, მაგრამ ასეთი დეტალებითაც ეცნობი ადამიანების ყოფას.

  • სალი წვერავა

აქ ყველაფერი ავთენტურია. არ მიყვარს მთაში ჩადგმული გათანამედროვებული შენობები. მთა ჩირუხიც ასეთი ადგილია, რომელსაც რუკაზეც კი ვერ პოულობდნენ ჩვენი ბლოგერები. რაც მთავარია, საშუალო შემოსავლის ადამიანსაც შეუძლია მოგზაურობა აქ ტუროპერატორების გარეშე, ერთი ზურგჩანთით, საოჯახო სასტუმროები ძვირი არ არის, უგემრიელეს კერძებსაც გთავაზობენ და დანიშნულების ადგილებსაც მიგასწავლიან.

  • ტიტე მიქაძე

აჭარა არ არის მხოლოდ ქობულეთი, ბათუმი, გონიო და სარფი. მთიანი აჭარის გამოტოვება აქ ყოფნისას არ შეიძლება. საოცარი დამოკიდებულება აქვთ სტუმრის მიმართ. სოფელ კაპნისთავში შევესწარით, როგორ აღნიშნავდნენ კაპნისთავობას და ამ დღესასწაულის მონაწილეებად ვიქეცით. აქაურებს საკუთარი კუთხის მიმართ უფაქიზესი დამოკიდებულება აქვთ, გიყვებიან საკუთარ მხარეზე, ტრადიციებზე, ისტორიაზე, სიამაყით და ღირსეულად.

აჭარის სოფლებში გამაოცა ტრადიციამ, რომ სახლს ჰქონდა თურმე ცალკე ოთახი, ცალკე შესასვლელით სტუმრისთვის. სახლის პატრონი შინ რომც არ ყოფილიყო, სტუმარს გზაზე თუ შემოაღამდებოდა, შეეძლო შესულიყო ამ ოთახში და ღამე გაეთია. რამხელა ზრუნვა ჩანს სხვაზე, უცნობზე, როცა სახლს აშენებ, ფიქრობ, როგორი იყოს მისაღები, საძინებელი და ამასთანავე ფიქრობ, რომ თუ ვინმეს დაუღამდება შენს სახლთან ახლოს, მისთვისაც გქონდეს ოთახი საწოლით, ცალკე წყლით და მოსასვენებლით. მეიდან ოდები ჰქვია აჭარაში ასეთ ოთახებს.

მიკვირს, როგორ არ ვიცოდი აქამდე ჭვანის ხეობაში ხაბელაშვილების სამასწლოვანი ხის ხიდის შესახებ. დროა, ჩვენივე ქვეყნის კუთხეები აღმოვაჩინოთ, უამრავი რამეა სანახავი.

მე ვნახე ნამდვილი საქართველო მთიანი აჭარის ოჯახებში. ოჯახები და ადამიანები – ეს არის ის, რამაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ტიტე მიქაძე აჭარაში.

მთიანი აჭარა იდეალურია იმ ფეისბუქ თუ ინსტაგრამბლოგერებისთვის, რომლებიც ფოტოსთვის კარგ ადგილებს ეძებენ. მტირალას მთაზე ბალიზე მეგონა თავი: ჩანჩქერი, ჯუნგლები… ჩირუხის დანახვისას მე და ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩემსავით ნამყოფია ისლანდიაში, ორივემ ერთხმად წამოვიყვირეთ: „ისლანდია!“

სახლები, ზვინები, ნალიები, მთა და ნისლში გახვეული ეს ყველაფერი – უდიდესი ეგზოტიკაა. ყველანი შევთანხმდით, რომ მთიანი აჭარა ჩვენთვის მთელ საქართველოში ყველაზე შთამბეჭდავი და მომნუსხველი ადგილია.

  • ოთო ნიკურაძე

“აჭარაში არაერთხელ მიმოგზაურია და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემთვის მთელს საქართველოში ერთ-ერთი უსაყვარლესი კუთხეა.

ოთო ნიკურაძე მეძიბნას ჩანჩქერთან

ოთო ნიკურაძე მეძიბნას ჩანჩქერთან

ბევრისთვის აჭარა მხოლოდ ბათუმთან და შავი ზღვის სანაპირო ზოლის კურორტებთან ასოცირდება, თუმცა აჭარა გაცილებით მეტია ვიდრე ზღვისპირა რეგიონი. ბათუმიდან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში იწყება თვალწარმტაცი ბუნება, ულამაზესი ხეობები, მთებზე შეფენილი სახლები.

აჭარის მთავარი ღირშესანიშნაობა ხალხია, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი სტუმართმოყვარეობით, ტრადიციებითა და ადათ-წესებით. აჭარული სამზარულო ხომ ცალკე ხაზგასმის ღირსია.

მოგზაურებს ვურჩევ, გადაუხვიონ მთავარი გზიდან და მოინახულონ საზაფხულო იალაღები, სადაც ბევრად უკეთ შეიგრძნობენ ამ ყველაფერს. აუცილებლად სანახავი ადგილებიდან გამოვარჩევდი ჩირუხის მთას, მერისისა და მეძიბნას ჩანჩქერებს, ღომას მთას, ხიხანის ციხეს და შუამთის ტბებს.

  • ზურა გელაშვილი

მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობისას ყველაზე მეტად ჩირუხი მომეწონა, შემდეგ ბეშუმთან მდებარე სოფლები მწვანე ტბის ბილიკზე და ბოლოს მწვანე ტბა…

პირველად ვიყავი მაღალმთიან აჭარაში. ჩემთვის ეს იყო დიდი თავგადასავალი, ყველაზე მეტად მომხიბლა ადგილობრივებთან კონტაქტმა. წარმოუდგენელიც კი არის იქ რაც ხდება, ეს უნდა ნახოთ ამას ვერ გადმოვცემ თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ სტუმრებისადმი.

ახალ ადათ-წესებსაც გავეცანი და დაგემოვნებით ლამის ყველა აჭარული კერძი გავსინჯე. ბორანო ძალიან მომეწონა.

ტურისტებს ვურჩევ მეტი სპონტანურობა გამოიჩინონ: ადექით, ჩაალაგეთ ბარგი და გაიქეცით ჩირუხში… ჩირუხი ზედმეტად შემიყვარდა.

ნუ ელოდებით თანამედროვე ტექნოლოგიებს ან კომფორტს. ჩირუხში დაგხვდებათ სიყვარული, ურთიერთობები, საოცარი ბუნება, ნისლი, ნისლი და კიდევ ნისლი, რომელიც გაგაგიჟებთ იმდენად ლამაზად ერწყმის უსასრულო მთებს. ყველაზე სიცოცხლით სავსე სოფელია ჩირუხი, ყველა მხრიდან ისმის ბავშვების ჟრიამული, საღამოს კოცონსაც ანთებენ და ეს ლამაზი ბუნება უფრო მეტად ემსგავსება ზღაპრულ სამყაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი