ახალი ამბები

მოკავშირეთა თქმით, აქციების შეწყვეტაზე ტიხანოვსკაიას მიმართვა ზეწოლის შედეგია

11 აგვისტო, 2020 • 1482
მოკავშირეთა თქმით, აქციების შეწყვეტაზე ტიხანოვსკაიას მიმართვა ზეწოლის შედეგია

სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად მიიჩნეოდა, სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში მხარდამჭერებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მიმართვა ერთ-ერთმა პროსახელისუფლებო ტელეგრამ-გვერდმა გაავრცელა.

უცნობია, როდის და სად ჩაიწერა აღნიშნული ვიდეო, ან წაიკითხა თუ არა ტიხანოვსკაიამ განცხადება საკუთარი ნებით. თუმცა, როგორც “მედუზა” წერს, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ვიდეოს ფონით დაადგინეს, რომ მიმართვა ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის, ლიდია იერმოშინას ოფისშია ჩაწერილი. ტიხანოვსკაია ტექსტს ფურცლიდან კითხულობს და კამერას არ უყურებს.

“მე, სვეტლანა ტიხანოვსკაია, მადლობას გიხდით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის. ბელარუსელმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა. მადლიერებითა და სითბოთი მივმართავ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც მხარს მიჭერდა მთელი ამ ხნის მანძილზე. ბელარუსელებო! მოგიწოდებთ, პატივი სცეთ კანონს. არ მსურს სისხლისღვრა ან ძალადობა. გთხოვთ, არ დაუპირისპირდეთ პოლიციას და არ გახვიდეთ საზოგადოებრივ ადგილებში, არ ჩააგდოთ თქვენი სიცოცხლე საფრთხეში. მიხედეთ თავებსა და თქვენთვის ძვირფას ადამიანებს”, – აცხადებს ის.

ტიხანოვსკაიას მოკავშირეების თქმით, ვიდეო ჩაიწერა ზეწოლის ქვეშ: 10 აგვისტოს ტიხანოვსკაიამ 3 საათი გაატარა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისში. მისი კამპანიის წარმომადგენელთა თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატი იქ საკუთარი სურვულის საწინააღმდეგოდ იყო დაკავებული. ერთ-ერთი მათგანი, მარია კოლესნიკოვა ამბობს: “ადამიანმა, რომელიც 3 საათის მანძილზე, მარტო, ორ ძალოვანთან ერთად იმყოფება, ბოლოს ნებისმიერი ტექსტი შეიძლება წაიკითხოს”.

11 აგვისტოს, დილის საათებში, ცნობილი გახდა, რომ ტიხანოვსკაია ლიეტუვაში იმყოფება. მისი კამპანიის წევრებმა თქვეს, რომ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ქვეყანა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ოფიციალურ პირთა ზეწოლით დატოვა, მისი შტაბის უფროსის, მარია მოროზის გათავისუფლების სანაცვლოდ. მოროზი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დააკავეს.

ზემოაღნიშნულ ვიდეომდე, ტიხანოვსკაიას კიდევ ერთი მიმართვა გავრცელდა, სადაც ამბობდა, რომ მისთვის რთული გადაწყვეტილება იყო ბელარუსის დატოვება და იცის, რომ ამის გამო არაერთი “დაგმობს” ან “შეიძულებს”. მისი თქმით, გადაწყვეტილება თავისი შვილების გამო მიიღო.

პროტესტი, ბარიკადები, დაკავებები – შეტაკებების მეორე ღამე მინსკში[ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი