ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

21 წლის დევნილი გოგო, რომელიც ახალგაზრდებისთვის სპეციალურ სივრცეს ქმნის

11 აგვისტო, 2020 • 2046
21 წლის დევნილი გოგო, რომელიც ახალგაზრდებისთვის სპეციალურ სივრცეს ქმნის

21 წლის ნინი ოთინაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილია თუმცა, ცხოვრების ნახევარი შავშვების დევნილთა დასახლებაში გაატარა.

“9 წლის ვიყავი, როდესაც ომი დაიწყო, ამიტომ ომის შემდეგი პერიოდი ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა”.

ნინი ოთინაშვილს, რომელიც ამჟამად მეოთხე კურსის სტუდენტია, კორონავირუსის პანდემიის დროს თბილისიდან დევნილთან დასახლებაში დაბრუნება მოუწია. ამავე პერიოდში, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებით, მისმა და მისი მეგობრების პროექტმა, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის სპეციალური სივრცის მოწყობას ითვალისწინებდა, გრანტი მოიპოვა.

“ისეთი სივრცის შექმნა გვინდოდა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც და ახალგაზრდებიც სასიამოვნოდ გაატარებდნენ დროს, გაიმართებოდა კინოჩვენებები, ინტელექტუალური თამაშები, იარსებებდა ხელოვნების წრეები, სათამაშო კუთხეები.

ასევე, იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა, ქსეროქსი და გორში უწევთ სიარული და დამატებითი ხარჯის გაწევა, მაქსიმალურად ხელი შეგვეწყო და შეგვემსუბუქებინა მათი მდგომარეობა.

როგორც მთელ ქვეყანაში, ჩვენს დასახლებაშიც მიგრაციის დიდი დონეა, ახალგაზრდები თბილისში გარბიან, რადგან არც გასართობია რამე, არც სამსახური. იმედია, ამ პროექტით, ახალგაზრდები მიზნობრივად გამოიყენებენ დროს და ქუჩაში, ბირჟაზე აღარ მოუნდებათ დგომა”, – ამბობს ნინი ოთინაშვილი.

ასეთი სივრცე შავშვების დევნილთა დასახლებაში 12 აგვისტოს იხსნება.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი