ახალი ამბები

რატომ არ დაუმძიმეს ბრალი “ტოიოტა ქამრის” მე-6 მგზავრს? – პროკურატურის განმარტება

11 აგვისტო, 2020 • 1205
რატომ არ დაუმძიმეს ბრალი “ტოიოტა ქამრის” მე-6 მგზავრს? – პროკურატურის განმარტება

მთავარმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმა. საუბარია “ტოიოტა ქამრის” მგზავრებზე, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილს ხევში ჩაჰყვნენ და სასტიკად სცემეს.

საქმეში არსებული ჩვენებების მიხედვით, “ტოიტა ქამრის” მარკის ავტომანქანას ვასილ მახარაძე მართავდა, თუმცა ის შაქარაშვილს არ დადევნებია. შაქარაშვილის ოჯახი “ტოიოტა ქამრის” ყველა მგზავრის, მთლიანობაში, 6 ადამიანისთვის ითხოვდა მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას.

“ოჯახის ემოცია ბუნებრივია და გასაგებია, თუმცა საქართველოს პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი მტკიცებულებების სტანდარტით. საქართველოს პროკურატურა ვალდებულია დაემორჩილოს კანონს და გადაწყვეტილება მიიღოს მტკიცებულების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში “ტოიოტა ქამრის” 6 მგზავრიდან სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო 5 პირის მიმართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ 5 პირის მიმართ არსებობდა მტკიცებულებების სტანდარტი”, – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ. მისი თქმით, მე-6 მგზავრთან დაკავშირებით ეჭვის დონეზე შეისაძლებელია, დღესაც არსებობდეს ალბათობა [მკვლელობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით], თუმცა მტკიცებულებების დონეზე, ამის სამართლებრივი დადასტურების საფრთხეები არსებობს.

“ოჯახს უნდა, რომ არცერთი პირი, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია დანაშაულში, არ იყოს პასუხისგებაში მიცემული”, – განაცხადა ნიკოლაძემ.

მისი თქმით, “ტოიოტა ქამრის” მძღოლი შემთხვევის ადგილზე 6 წუთი იმყოფებოდა და ამ დროში განზრახ მკვლელობაში ბოლომდე ჩართულობა რთული იქნებოდა. მირიან ნიკოლაძის თქმით, გიორგი შაქარაშვილის ოჯახს გამოძიებასთან პრეტენზიები არ აქვს.


19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.  პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალდებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც, რომელთა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.

პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

შაქარაშვილის ოჯახი “ტოიოტა ქამრის” ყველა მგზავრის, მთლიანობაში, 6 ადამიანისთვის ითხოვდა მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა

მასალების გადაბეჭდვის წესი