ახალი ამბები

ჯაფარიძე: ჩემი ყველა ანგარიში დააყადაღეს

10 აგვისტო, 2020 • 1418
ჯაფარიძე: ჩემი ყველა ანგარიში დააყადაღეს

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ძველი ჯარიმების გადაუხდელობის გამო მის ყველა ანგარიშს სახელმწიფომ ყადაღა დაადო.

„მე მაქვს რამდენიმე ჯარიმა, მათ შორის 2000 და 3000 ლარის ოდენობით. არის ისეთი ჯარიმებიც, რომელიც დამაკისრეს ორი წლის წინ“, – ავრცელებს პარტიის პრესსამსახური ჯაფარიძის კომენტარს.

ჯაფარიძე ანგარიშების დაყადაღებას არჩევნებში მონაწილეობას უკავშირებს: „აქამდე სახელმწიფოს არ გახსენებია, რომ მოეკითხა ამ ჯარიმებისთვის და აღსრულება დაეწყო, ამიტომ გასაგებია, რომ ეს არ არის დამთხვევა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ დღეს დილით განცხადება გავავრცელე და დავასახელე საკუთარი თავი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად. ასევე მაქვს შანსი, რომ ვიყო ერთიანი ოპოზიციური კანდიდატიც“.

„ამ ყველაფერს პირდაპირ ვუკავშირებ ამ ამბავს იმიტომ, რომ მეტი ფანტაზია „ქართულ ოცნებას“ არ აქვს და პირველი, რაც მოიფიქრეს, არის ის, რომ ფინანსური პრობლემები შემიქმნან, ამიტომ ყადაღა დამადეს ყველა ანგარიშზე“, – აცხადებს ჯაფარიძე.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თუმცა უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ იმ არგუმენტით, რომ ნებისმიერი სააღრსულებლო წარმოების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი