ახალი ამბები

ირანში დახურეს გაზეთი, რომლის რესპონდენტმაც COVID-19-ის დამალულ სტატისტიკაზე ისაუბრა

10 აგვისტო, 2020 • 1588
ირანში დახურეს გაზეთი, რომლის რესპონდენტმაც COVID-19-ის დამალულ სტატისტიკაზე ისაუბრა

ირანის ხელისუფლებამ ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესგამოცემა დახურა მას შემდეგ, რაც გაზეთის რესპონდენტმა COVID-19-თან დაკავშირებით მთავრობის მიერ გასაჯაროებული სტატისტიკის მართებულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. გადაწყვეტილება შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ დღეს, 10 აგვისტოს მიიღო.

Bloomberg-ის თანახმად, ირანის კორონავირუსის ეროვნული სამუშაო ჯგუფის ეპიდემიოლოგმა გაზეთს უთხრა, რომ მთავრობამ ვირუსის პირველი შემთხვევა “პოლიტიკური და უსაფრთხოების” მიზეზებიდან გამომდინარე დამალა. მისივე თქმით, დაინფიცირებულებთან და დაღუპულებთან დაკავშირებით ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რიცხვები რეალური სურათის მხოლოდ 5%-ს ასახავს.

ორშაბათ სგაზეთის დაუყოვნებლივ დახურვის ბრძანება გამოსცა მედიის სამეთვალყურეო საბჭომ, რომელიც მთავრობას ექვემდებარება. აღნიშნული ცნობა თავად დახურული გამოცემის რედაქტორმა დაადასტურა ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტოსთან საუბრისას.

გასულ კვირას BBC-ის სპარსული სამსახურიც იუწყებოდა, რომ ირანში ახალი კორონავირუსის აღრიცხულ შემთხვევათა და დაღუპულთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ამას რესპუბლიკის მთავრობა ამბობს.

ირანის ხელისუფლების მონაცემებით, ქვეყანაში COVID-190ის აღრიცხულ შემთხვევათა რაოდენობა 328 000-ს აღემატება, დაღუპულთა რიცხვი კი 18 616-ს შეადგენს. ამ მონაცემებით, ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა სწორედ ირანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი