ახალი ამბები

ირაკლი ოქრუაშვილმა შესაძლოა კენჭი საბურთალოს მაჟორიტარად იყაროს

10 აგვისტო, 2020 • 1745
ირაკლი ოქრუაშვილმა შესაძლოა კენჭი საბურთალოს მაჟორიტარად იყაროს

ირაკლი ოქრუშვილმა, შესაძლოა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭი საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად იყაროს.

როგორც “ნეტგაზეთს” პოლიტიკოსმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით შეთავაზება მიიღო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

ოქრუაშვილი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად ვისგან მიიღო წინადადება და იქნება თუ არა, დათანხმების შემთხვევაში, ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს უნდა გაიმართოს. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მიმდინარე კონსულტაციებში მონაწილეობდნენ, თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატი დაასახელეს, მათ შორის:

  • ელენე ხოშტარია – ვაკე
  • ნიკა მელია – გლდანი
  • გიორგი ვაშაძე – ისანი
  • ლევან ხაბეიშვილი – სამგორი
  • შალვა შავგულიძე – მთაწმინდა/კრწანისი.

ამ დრომდე ღია რჩება დიდუბე/ჩუღურეთისა და საბურთალოს მაჟორიტარული ოლქები. დღეს, 10 აგვისტოს საკუთარი კანდიდატურა დიდუბე/ჩუღურეთის მაჟორიტარად “გირჩის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ დაასახელა. ჯაფარიძე ამბობს, რომ კონსულტაცია ჰქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დაუდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა:

“იმედი მაქვს, ეს კეთილგანწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან”, – აცხადებს ჯაფარიძე.

რაც შეეხება საბურთალოს, უკვე ცნობილია, რომ  ამ ოლქში მაჟორიტარულ არჩევნებში კენჭს იყრიან პარტია “მოქალაქეების” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი, “ქართული ოცნებიდან”- ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, პოლიტიკური გაერთიანება”ლელოდან”- ბადრი ჯაფარიძე და პარტიის “კანონი და სამართალი” დამფუძნებელი – თაკო ჩარკვიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი