ახალი ამბები

ტიკარაძის თქმით, სვანეთში, სადაც Covid-19-ის 17 შემთხვევა გამოვლინდა, კვლევები მიმდინარეობს

10 აგვისტო, 2020 • 763
ტიკარაძის თქმით, სვანეთში, სადაც Covid-19-ის 17 შემთხვევა გამოვლინდა, კვლევები მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სვანეთში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა გამოვლინდა, ამ დროისთვის ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

ჟურნალისტმა მინისტრს ჰკითხა, ხომ არ იგეგმება რეგიონში დამატებითი ზომების მიღება, მაგალითად, სოფლების ჩაკეტვა, რაზედაც ტიკარაძემ უპასუხა, რომ  ადგილზე ეპიდემიოლოგები უკვე მუშაობენ, ზომების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილებას კი პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭო იღებს.

“ეპიდემიოლოგიური სამსახური სრულად მობილიზებულია. ადგილზე უკვე იმყოფება ხუთი ბრიგადა, რომელიც დეტალურად აწარმოებს კვლევებს. მე მაქვს შეხვედრა [დანიშნული] საბჭოში და სწორედ იქ მივიღებთ გადაწვეტილებას დამატებითი ქმედებების შესახებ, ანუ რა ღონისძიებებს გავატარებთ”,-ამბობს ტიკარაძე.

დღეს, 10 აგვისტოს, ქვეყანაში Covid-19-ის  25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა, როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, ამ დროისთვის არ იგეგმება რეგულაციების კვლავ გამკაცრება ქვეყნის მასშტაბით  და გაგრძელდება ისევ მიზნობრივი ტესტირება.

თბილისის ინფექიური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 16 წარმოადგენს დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს[სვანეთი], 5 არის იმპორტირებული შემთხვევა, 1 არის მედპერსონალი, 1 პაციენტი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, 1  უკავშირდება გაჩიანს, ხოლო კიდევ ერთის ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1250 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1010 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.

მასალების გადაბეჭდვის წესი