ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” თელავში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

10 აგვისტო, 2020 • 1591
“ქართულმა ოცნებამ” თელავში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

დღეს, 10 აგვისტოს, თელავში “ქართულმა ოცნებამ” თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა. ქადაგიშვილის წარდგენის ღონისძიებას, რომელიც ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართა,  ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი და “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი და პარტიის გენერალური მდივანი — კახა კალაძე.

მმართველი გუნდის წევრებმა წინა ხელისუფლების საქმიანობა გაიხსენეს და ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ მიღწეულ შედეგებს შეადარეს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, კახეთის რეგიონში არსებულ გამოწვევებს “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერით დაძლევს.

როგორც გიორგი გახარიამ ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას აღნიშნა, მაჟორიტარობის კანდიდატმა რეგიონის პრობლემები კარგად იცის.

“ეს ის ადამიანია, რომელმაც ზედმიწევნით იცის დღეს რეგიონის ყველა პრობლემა, კახეთის და თელავის. ეს ის ადამიანია, რომელსაც არ დასჭირდება ბევრი მომზადება და შესწავლა ამ პრობლემებისა, ეს ის ადამიანია, რომელიც არჩევნებიდან მეორე დღეს დაჯდება და დაიწყებს შრომას ამ კუთხის კიდევ უფრო განვითარებისთვის”, — განაცხადა გახარიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.

 

“ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები [სია]

მასალების გადაბეჭდვის წესი