ახალი ამბები

ბაჩალიაშვილის საქმე: მედიაში პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნების კანონიერებას სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის

6 აგვისტო, 2020 • 1039
ბაჩალიაშვილის საქმე: მედიაში პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნების კანონიერებას სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მედიაში თამარ ბაჩალიაშვილისა და მისი ოჯახის პერსონალური ინფორმაციის შემცველი მასალების გამოქვეყნების კანონიერებას შეისწავლის. ამის შესახებ უწყების მიერ დღეს, 6 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, “სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც იდენტიფიცირებული ფორმით ხელმისაწვდომია კონკრეტულ პირთა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები”.

“პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებისას საფრთხე ექმნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება განსაკუთრებული კატეგორიის (ე.წ. ,,სენსიტიური“) მონაცემების გასაჯაროება, რომელსაც მიეკუთვნება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, მსხვერპლად აღიარებასთან და დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებული მონაცემები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო შემოწმება მედიასაშუალებებით გავრცელებული დოკუმენტების გამჟღავნების კანონიერებისა და შესაბამის დაწესებულებებში მათი უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომების შესწავლის მიზნით. შემოწმებას დაექვემდებარებიან ის პირები ან/და დაწესებულებები, რომლებსაც შესაძლოა წვდომა ჰქონდათ ზემოაღნიშნულ დოკუმენტებზე და რომელთა მხრიდან მონაცემთა დამუშავება ექცევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციაში. შემოწმება წარიმართება შემჭიდროებულ ვადაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ვრცელდება მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე, თუმცა “მნიშვნელოვანია, მედიასაშუალებებმა გაითვალისწინონ და პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას”.

დღეს, 6 აგვისტოს, მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა მასალები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილისა და მამამისის პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. ოჯახმა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვას მოითხოვა.

შსს ბაჩალიაშვილის საქმეზე შუალედურ ანგარიშს ავრცელებს და სუიციდზე მიანიშნებს

მასალების გადაბეჭდვის წესი