ახალი ამბები

21-22 აგვისტოს ათენი-თბილისის მიმართულებით ჩარტერული რეისი დაინიშნება – სააგენტო

6 აგვისტო, 2020 •
21-22 აგვისტოს ათენი-თბილისის მიმართულებით ჩარტერული რეისი დაინიშნება – სააგენტო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Aegean Airlines 21-22 აგვისტოს ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • 21 აგვისტო, ათენი – თბილისი (გამოფრენა 23:30, მოფრენა 03:20);
  • 22 აგვისტო, თბილისი – ათენი (გაფრენა – 04:10 ჩაფრენა 06:05);

რეისი Airbus A 320-ის ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ 5 აგვისტოს მიენიჭა.

სააგენტოს ცნობითვე, ბილეთის შეძენის მიზნით მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.

პირველ აგვისტოს რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში საბერძნეთის ელჩი ამბობდა, რომ მისთვის გაუგებარი იყო მთავრობის გადაწყვეტილება საბერძნეთთან რეგულარული ფრენების არაღდგენის თაობაზე. ელჩი განმარტავდა, რომ შეჩერებული რეგულარული ფრენების გამო საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საბერძნეთში მუშაობენ, ქვეყანაში დაბრუნაბას ვერ ახერხებდნენ.

“საბერძნეთმა, შავ სიაში შემავალ სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ბრიუსელში ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანა. საბოლოოდ, ევროკავშირმა საქართველოს საკუთარი საზღვრები გაუხსნა. იმავე დღეს ხელისუფლებას ვაცნობეთ, რომ შეგვეძლო საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში უპირობოდ მიგვეღო. მათგან შესაბამისი პასუხს ველოდით, რაც ვერ მივიღეთ. საბერძნეთი ევროკავშირითვის არა მხოლოდ მწვანე ზონას წარმოადგენს, არამედ მისი სტატისკიკა [ვირუსის] ხუთჯერ უკეთესია, ვიდრე გერმანიისა და საფრანგეთის, სადაც რეგულარული ფრენები დასაშვები გახდა.

რატომ არის პრობლემა, რომ თვეში თუნდაც 4 ფრენა გვქონდეს, რათა წამოვიყვანოთ ადამიანები საკუთარ ოჯახებში და სამუშაოებზე? ამავე დროს ცნობილია, რომ ევროპაში ყველაზე დიდი დიასპორა საბერძნეთში გვყვავს… ბევრი მოქალაქე გვყვავს სამუშაოს უფლებით. მარტის შემდეგ ისინი საქართველოში ჩარჩნენ”, – ამბობს დიმიტრიოს კარაბალისი, რომელის თარგმანსაც “რუსთავი 2” ავრცელებს

დღეს, 6 აგვისტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საბერძნეთსა და საქართველოს მყარი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები აქვთ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საბერძნეთში “მარტივი ეპიდემიოლოგიური ვითარება არ არის”, თუმცა მთავრობა ბერძნულ ავიაკომპანია “ეგეოსთან” მოლაპარაკებებს აწარმოებდა და აგვისტოს ბოლოსთვის მინიმუმ ერთი ფრენა ათენის მიმართულებით დაინიშნება:

„დავასრულეთ გარკვეული მოლაპარაკება და შემიძლია გითხრათ, რომ, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლო დეკადაში ათენსა და თბილისს შორის მინიმუმ ერთი ფრენა შესრულდება. ეს არის ის ოპტიმალური რაოდენობა და შესაძლებლობა, რაც ჩვენს ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მისაღებია როგორც საბერძნეთისთვის, ასევე, საქართველოსთვის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი