ახალი ამბებისამართალი

ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, მზად ვართ, ბაჩალიაშვილის ოჯახს დავეხმაროთ – ლომჯარია

5 აგვისტო, 2020 • 1152
ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, მზად ვართ, ბაჩალიაშვილის ოჯახს დავეხმაროთ – ლომჯარია

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მზადაა, რომ თავისი მანდატიდან გამომდინარე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს დაეხმაროს. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას აკვირდება და გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატსა და საქმეში ჩართულ დამოუკიდებელ ექსპერტს უკვე შეხვდა.

“ასევე, დამატებით თუ რაიმე თხოვნა ექნებათ სახალხო დამცველთან ადვოკატს ან დაზარალებული ოჯახის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ეტაპზე, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, ჩავერთოთ და დამატებით დახმარება გავუწიოთ ოჯახს”, — განუცხადა ჟურნალისტებს ლომჯარიამ.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. ოჯახმა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვას მოითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი