ახალი ამბებისაზოგადოება

ლილოს ბაზრობაზე ჩატარებული სკრინინგით კორონავირუსის მხოლოდ 6 შემთხვევა გამოვლინდა – გამყრელიძე

5 აგვისტო, 2020 • 879
ლილოს ბაზრობაზე ჩატარებული სკრინინგით კორონავირუსის მხოლოდ 6 შემთხვევა გამოვლინდა – გამყრელიძე

ლილოს ბაზრობაზე ჩატარებული ტესტირების შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 6 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ლილოს ბაზრობაზე სულ 4 731 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება.

“რაც დავიწყეთ სკრინინგი, 6 ინფიცირებული ადამიანი იქნა გამოვლენილი პირველ ორ დღეში, შემდეგ აღარ გვქონია ინფიცირების შემთხვევები. ამ 6-თან ადრე კონტაქტირებული  ანუ ლილოსთან კვეთა ვისაც ჰქონდა, სულ არის 13 ადამიანი. ეს იყო ერთი ოჯახი, რომელიც უკავშირდება მე-16 გარდაცვლილს და ამ ოჯახურ კლასტერს ჰქონდა ლილოს ბაზრობასთან კავშირი”, — განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ელიავასა და დინამოს ბაზრობებს, გამყრელიძის ინფორმაციით, აქ ტესტირება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩაატარეს და კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა. თითოეულ ამ ბაზრობაზე კორონავირუსის ტესტი 500 ადამიანს ჩაუტარეს.

“დინამოს ბაზრობაზე შერჩეული 500-დან 487 გამოვიკვლიეთ და არცერთი არ იყო დადებითი შემთხვევა, ხოლო ელიავას ბაზრობაზე გამოვიკვლიეთ 436 და დაგეგმილი კვლვევის 87%-ს ჰქონდა გამოპასუხება. აქ პირველი ორი დღის შედეგები იყო უარყოფითი და მესამე დღის შედეგები იქნება დღეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ბაზრობაც ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით იქნება ეპიდკეთილსაიმედო”, — განაცხადა გამყრელიძემ.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ის ბოლო მონაცემების თანახმად, ქვეყანაში სულ დადასტურდა კორონავირუსის 1 197 შემთხვევა, რომელთაგან 974 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი