ახალი ამბები

“თქვენ ხართ რეგვენი” – კამათი ჯანეზაშვილ-შენგელიას შორის ნათესაურ კავშირზე

4 აგვისტო, 2020 • 2160
“თქვენ ხართ რეგვენი” – კამათი ჯანეზაშვილ-შენგელიას შორის ნათესაურ კავშირზე

“თქვენ ხართ რეგვენი” – ჯანეზაშვილსა და შენგელიას შორის კამათი მათი ნათესაური კავშირის განხილვას მოჰყვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, პრეზიდენტის მიერ საბჭოში დანიშნული ახალი წევრი თამარ ღვამიჩავა საბჭოს მოსამართლე წევრის, ირაკლი შენგელიას ნათესავია და სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.

დღეს ღვამიჩავამ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ მას და შენგელიას “საერთო წინაპარი” ჰყავთ, თუმცა თქვა, რომ ახლო ნათესაური კავშირი არ აქვთ.

აღნიშნული საკითხის განხილვას კამათი მოჰყვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, სადაც ირაკლი შენგელიამ განაცხადა, რომ ღვამიჩავასთან 4-6 თაობის წინ საერთო წინაპარი ჰყავდა და უფრო ახლო თუ არა, ისეთივე ნათესაური კავშირი ნაზი ჯანეზაშვილთანაც აქვს.

“ნათესავი ჭირში ან ლხინში უნდა მენახა და თამარ ღვამიჩავა მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში არ მინახავს. ახლა ვიტყვი იმას, რასაც სამი წელი ვმალავდი – ნაზი ჯანეზაშვილი ჩემი ნათესავია. თქვენ ჭირშიც მინახიხართ”, – მიმართა შენგელიამ ნაზი ჯანეზაშვილს.

მისი თქმით, ჯანეზაშვილი ჩართულია პოლიტიკურ საქმიანობაში, გამოდის აქციებზე და ბინძური მეთოდებით ებრძვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს. შენგელიას თქმით, გულდასაწყვეტია, რომ ნაზი ჯანეზაშვილისნაირი არაკვალიფიციური ადამიანი იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს ამოწმებს.

“ბატონო ირაკლი, თურმე 3 წელია იცით, რომ გარკვეული ნათესაური კავშირი არსებობს ჩვეს შორის. მე ერთი წლის წინ შემთხვევით გავიგე, რომ ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანის ნათესავი ხართ და შოკირებული ვიყავი. არ მინდა, ზიანი მივაყენო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებს, თქვენ ბრძანდებით რეგვენი და არ იცით, სად რა უნდა ილაპარაკოთ.

საზოგადოებისთვის კი განვმარტავ, რომ მე მყავს ბიძაშვილი – დედის ძმისშვილი, რომლის მეუღლე არის ირაკლი შენგელიას ბიძაშვილი თუ მამიდაშვილი. ეს არაა ნათესაური კავშირი. მე თქვენ არასდროს მინახიხართ ჩემი ბიძაშვილის მეუღლის ოჯახში, გარდა ერთი შემთხვევისა, როცა მას მამა გარდაეცვალა. თქვენ მომიგზავნეთ ნათესავები, რომ მე გავჩუმებულიყავი. არანაირი ჩემი ნათესავი თქვენ არ ხართ”, – უპასუხა ჯანეზაშვილმა ირაკლი შენგელიას.

ღვამიჩავას თქმით, მოსამართლე შენგელიასთან “საერთო წინაპარი” ჰყავს

მასალების გადაბეჭდვის წესი