ახალი ამბები

პაციენტს ოპერაცია არალიცენზირებულმა ექიმებმა ჩაუტარეს, ის კომაშია – პროკურატურა

4 აგვისტო, 2020 • 1473
პაციენტს ოპერაცია არალიცენზირებულმა ექიმებმა ჩაუტარეს, ის კომაშია – პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, არალიცენზირებულმა ექიმებმა პაციენტს ოპერაცია ორჯერ ჩაუტარეს და ის ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია.

საქმეზე დაწყებულია გამოძება, ხოლო უწყებამ სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით ორი პირი – „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავა.

პროკურატურის თქმით, საქმის მასალების თანახმად, პირმა 2018 წლის ზაფხულში, სამედიცინო მომსახურების მიზნით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს“ მიმართა, სადაც  კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ-მ გაუწია.

ექიმმა პაციენტი და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ გამოკვლევების შედეგები იტალიაში გააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც, მისი თქმით, ასევე იტალიელი ექიმები ჩაატარებდნენ.

„თუმცა აღნიშნული ოპერაცია  შპს “თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში” 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ-მ თავად გაუკეთა პაციენტს ისე, რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით “ორთოპედია-ტრავმატოლოგია”. ასევე, მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არცერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა”, – ამბობს პროკურატურა.

საქმის მასალების მიხედვით, ოპერაციის შემდეგ პაციენტს ტკივილები განუახლდა და ისევ იმავე საავადმყოფოს მიმართა. უწყება ამბობს, რომ ვ.ყ-მ პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე დაიყოლია და არგუმენტად იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია დაასახელა.

პაციენტს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და, ისევე, როგორც პირველი ოპერაცია, იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ვ.ყ-მ და მ.ხ-მ ჩაატარეს.

“ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება“, – ამბობს პროკურატურა.

უწყების განმარტებით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის დროს კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, პაციენტის მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს, ასევე, პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად.

ვ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო საექიმო საქმიანობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

გ.ლ-ს (დირექტორს) ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც გულგრილობას გულისხმობს და სასჯელის სახით  ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მ.ხ-ს, იმის გათვალისწინებით, რომ მან საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით, რაც უკანონო საექიმო საქმიანობას გულისხმობს და სასჯელის სახით სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი