ახალი ამბები

რა კრიტერიუმებით შეირჩნენ და რა შანსები აქვთ “ევსაქების” მაჟორიტარობის კანდიდატებს

3 აგვისტო, 2020 • 1970
რა კრიტერიუმებით შეირჩნენ და რა შანსები აქვთ “ევსაქების” მაჟორიტარობის კანდიდატებს

მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმების თაობაზე “ნაციონალურ მოძრაობასთან” უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, 3 აგვისტოს, “ევროპულმა საქართველომ” 14 რეგიონულ მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატურა დაასახელა და საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა. “ევროპული საქართველო” 8 მაჟორიტარულ ოლქს რეგიონებში ჯერჯერობით ღიად ტოვებს იმ შემთხვევისთვის, თუ ოპოზიციასთან შეთანხმება მაინც შედგება.

ევსაქების მაჟორიტარობის კანდიდატები
“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თბილისში შეთანხმებულ 2 ოლქში და რეგიონებში არიან:

  1. ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქი – გიგი უგულავა;
  2. ფოთის, ხობი და სენაკი – გიგა ბოკერია;
  3. ვაკე – ელენე ხოშტარია;
  4. მთაწმინდა და კრწანისი – შალვა შავგულიძე;
  5. ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი და ბაღდათი – გიგი წერეთელი;
  6. ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო – ტარიელ ნაკაიძე;
  7. რუსთავი და გარდაბანი – ირმა ნადირაშვილი;
  8. ქუთაისი – ოთარ კახიძე;
  9. საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაული ოლქი – სერგო რატიანი;
  10. თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი – ზურაბ ჭიაბერაშვილი;
  11. გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო და სიღნაღი – გიორგი ღვინიაშვილი;
  12. ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური – ხათუნა გოგორიშვილი;
  13. მარნეული და გარდაბანი – აჰმედ იმამკულიევი;
  14. ახალქალაქი და ნინოწმინდა – არსენ კარაპეტიანი;
  15. წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი და აბაშა – ლელა ქებურია;
  16. სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონი – აკაკი ბობოხიძე.

განსხვავებით “ქართული ოცნებისგან”, რომელმაც რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევისას არჩევანი ძირითადად გააკეთა ადგილობრივ გავლენიან პირებზე, “ევროპული საქართველო” მეტწილად ფსონს პარტიის ლიდერებზე დებს. მათ შორის, მაჟორიტარობისთვის პირველად იბრძოლებენ გიგა ბოკერია, ხათუნა გოგორიშვილი, ოთარ კახიძე,  ირმა ნადირაშვილი, რომლებიც აქამდე დეპუტატები ყოველთვის პარტიული სიით ხდებოდნენ.

“ხშირად საუბრობენ, რომ პოლიტიკურ ცხოვრებას სიახლე სჭირდება. მე ვეთანხმები ამას, თუმცა ჩემთვის, რომელიც 20 წელზე მეტია პოლიტიკაში ვარ, ძნელია ჩემი სახით რამე სიახლე შევთავაზო ხალხს. პირიქით, სიახლე იქნებოდა, რასაც ბევრი ისურვებდა, რომ პოლიტიკიდან წავსულიყავი, მაგრამ ახლა წასვლის დრო არ არის და რაღაც სიახლე უნდა მომეფიქრებინა. ამიტომ გადავწყვიტე, პირველად ჩემი გრძელი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში, მაჟორიტარად ვიყარო კენჭი”, – თქვა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრა გადაწყვიტა არა იმიტომ, რომ დედამისი, ცნობილი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია  ფოთშია დაბადებული, არამედ იმიტომ, რომ “ეს არის საქართველოს ყველაზე ევროპული ნაწილი”.

ბოკერიამ ისიც აღნიშნა, რომ მისი “მაჟორიტარად გაშვების” დიდი ხნის გეგმა ჰქონდა გიგი უგულავას. თავად უგულავა, რომელიც 2018 წელს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს და ხმათა 38,38% მიიღო, ამჯერად კანდიდატურას ზუგდიდში აყენებს.

“მე მინდა ჩვენს კოლეგა პარტიებს ვთხოვო მხარდაჭრა, მაგრამ ამავე დროს მზად ვარ პატიოსანი კონკურენციისთვის. მიმაჩნია, რომ ზუგდიდი არ არის მეორეხარისხოვანი, ან კაცის კაცების, ან პარტიული ნომრების შეჯიბრის ასპარეზი. ზუგდიდი არის ცენტრალური ადგილი, სადაც უნდა წავიდნენ პოლიტიკური ლიდერები და გამართონ პოლიტიკური ბრძოლა”, – აღნიშნა უგულავამ.

ზუგდიდში გიგი უგულავას კონკურენტი მმართველი პარტიიდან პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი იქნება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ზუგდიდში, თუმცა, უგულავას მოწოდების მიუხედავად, ენმ “ევროპული საქართველოს” კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს.

“ჩვენ ვართ კონკურენტები ახლა და მერე ვიქნებით პარტნიორები, როცა პარლამენტში შევალთ და კოალიციურ ხელისუფლებას შევქმნით. კანდიდატების დამოუკიდებლად წარდგენა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა”, – თქვა პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის აზრითაც, “საქართველოში დადგა დრო, როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად უნდა მიიღონ, როგორც ეს ევროპაში ხდება”.

“ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები შეირჩნენ როგორც ეროვნულ დონეზე ცნობადობის, ისე კონკრეტულ რაიონში მათი მხარდაჭერის კრიტერიუმების მიხედვით.

“ჩვენ გვქონდა როგორც შიდა  კვლევები, ისე ღია კვლევები, ამას დამატებული ცნობადობის კრიტერიუმი და ამა თუ იმ რეგიონთან კონკრეტული პოლიტიკოსის კავშირი. ზოგადად, ერთი კრიტერიუმი არ გვაქვს გამოყენებული კანდიდატის შერჩევისას, ზოგადად – ყველა. ყველა ისეთი კანდიდატი წარვადგინეთ, რომელსაც გამარჯვების შანსი აქვს”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

“ევროპული საქართველოს” პოლიტიკური ლიდერების მაჟორიტარობის შანსების შეფასება სპეკულაცია იქნება პოლიტოლოგ გია ნოდიას აზრით. იგი მიიჩნევს, რომ ამ ლიდერებს მაჟორიტარად კენჭისყრა, შესაძლოა, პარტიაში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად დასჭირდათ.

“როგორც ჩანს, თვითონ პარტიაში ჩათვალეს, რომ თუ პარტიის ლიდერი ხარ, რაღაცნაირად ვალდებული ხარ, რომ ეს  ლიდერის პოზიცია ელექტორალურად გადაამოწმო. პროპორციულ სიებში გადამოწმება, ცხადია, შეუძლებელია, ამის გზაა მაჟორიტარული არჩევნები. ის, თუ ვინ უფრო მეტ მომხრეს მოიპოვებს მაჟორიტარულ არჩევნებში, შეიძლება რაღაცნაირად აისახოს მისი ლიდერის სტატუსზე პარტიაში. ვერ ვიტყვი, რომ აუცილებლად ასეა, მაგრამ შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მოსაზრება, რის გამოც ლიდერებმა თავიანთი კანდიდატურები დააყენეს მაჟორიტარულ ოლქებში. მათ შანსებზე საუბარი სპეკულაცია იქნება, რადგან არავის გაუზომავს. გასაგებია, რომ გიგა ბოკერია მაინცდამაინც არ არის ფართო მასებში პოპულარული კანდიდატი და არა მგონია, რომ ბოლო ხანებში გამხდარიყო. მაგრამ ცოტა ძნელია შეფასება, კონკრეტულად რა შანსები აქვს ამ არჩევნებში”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნოდიამ.

“ევროპული საქართველოს” დაპირება

“ჩვენ ცალკე გვექნება პროგრამის პრეზენტაცია, მაგრამ მთავარი ჩვენი დაპირება პირველივე 100 დღის განმავლობაში შეიძლება შეჯამდეს სამი მთავარი სიტყვით: კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაცია”, – განაცხადა დღევანდელ პრეზენტაციაზე “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელიც პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება.

მისი თქმით, კეთილდღეობის მისაღწევად, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, “ევროპული საქართველო” გადასახადების შემცირებას გეგმავს.

“სახელმწიფომ გაორმაგებულად უნდა იზრუნოს პენსიონერებზე, სოცდაუცველებზე, შშმ პირებსა და დევნილებზე. საქართველოს ქონების დიდი ნაწილი სახელმწიფოს ხელშია და “ევროპული საქართველოს” პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება საქართველოს ქონების ქართველი ხალხისთვის დაბრუნება.  სასოფლო-სამეურნეო და სახნავ-სათესი მიწები, ტყეები უსასყიდლოდ და პირდაპირ უნდა გადაეცეს ქართველ ხალხს. სახელმწიფო საწარმოები ვერ მუშაობს კორუფციის გამო. ყველა ასეთ საწარმოში და უძრავ ქონებაში საქართველოს თითოეული მოქალაქე, როგორც მეწილე, უნდა დარეგისტრირდეს და მიიღოს მოგება”, – განაცხადა ბაქრაძემ.

დაცულობის კომპონენტზე საუბრისას დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა კრიმინალის დამარცხებას ოღონდ ისე, რომ “დაცული იყოს ადამიანის უფლებები და შეიქმნას დამოუკიდებელი სასამართლო”.

დასავლეთთან ინტეგრაციის ნაწილში კი პარტია აქცენტს აშშ-თან თავისუფლ ვაჭრობაზე და ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე აკეთებს.

“ევროპული საქართველო” აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ხელისუფლებაშ ოპოზიციური პარტიების “ევროპული კოალიციის” მოსვლას იმედოვნებს.

“ევსაქებმა” მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელეს [სია]

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი