ახალი ამბები

ფონიჭალაში ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

3 აგვისტო, 2020 • 968
ფონიჭალაში ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფონიჭალაში ნარკორეალიზების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. უწყების ცნობითვე, ბრალდებულები ფინანსურ რესურსებს ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით მართავდნენ და ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით ნარკოტიკებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მლნ ლარამდე მიაღწია.

კონკრეტულად კი, გამოძიების ვერსიით, დაკავებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი ე.წ. „დადების“ მეთოდით ახდენდნენ.

“კერძოდ, დ.ჯ. და ფ.ბ. დაინტერესებულ პირებს, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების შეძენას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს, თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მანძილზე, ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა”, – წერია განცხადებაში.

შსს-ს ცნობითვე, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, დიდი ოდენობით თანხა, ასევე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღებს.

მომხდარზე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი