ახალი ამბები

რაჭაში, სტიქიის ზონიდან, 225 მოქალაქეა გამოყვანილი — საგანგებო

31 ივლისი, 2020 • 1263
რაჭაში, სტიქიის ზონიდან, 225 მოქალაქეა გამოყვანილი — საგანგებო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, რაჭაში, სტიქიის ზონიდან, ვერტმფრენებით 225 ადამიანი გამოიყვანეს.

ამასთან ერთად, უწყების ინფორმაციით, „ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთის მონაკვეთებზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება.“


პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 ივლისს განაცხადა, რომ 4 სოფელთან კავშირის სრულად აღსადგენად მინიმუმ ერთი თვე იქნება საჭირო.

გახარიას თქმით, სტიქიამ მაგისტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი ჩამოანგრია, რომელთა აღდგენაც დაახლოებით 30 მლნ ლარი დაჯდება. ასევე, სრულად აღსადგენია 4 ხიდი.

„დღეის მდგომარეობით, 4 სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, თუმცა 8 სოფელი რჩება. ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება კავშირი, თუმცა დარჩენილ სოფლებზე, როგორიც არის ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, როგორ ჩანს, გზა იმდენად სერიოზულად დაზიანდა, რომ ამ სოფლებთან სრულყოფილი კავშირის აღდგენას დასჭირდება ერთი თვე, მინიმუმ“, – ამბობს გახარია და ამატებს, რომ სტიქიის შედეგების აღმოფხვრას, შესაძლოა, ჯამში, 50 მლნ ლარამდე დასჭირდეს.

გახარია ასევე ამბობს, რომ მთავრობა ესაუბრა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და კომპანიის თქმით, საუკეთესო შემთხვევაში, 1 კვირაში ელექტროენერგიით მომარაგება აღდგება.

რაჭაში უხვი ნალექის შედეგად მდინარეები ადიდდა, რის გამოც განადგურდა საავტომობილო გზის ნაწილი და ხიდები, ხოლო ელექტროგადამცემი ბოძების ნაწილი წყალმა წაიღო.

სტიქიის გამო ზოგ სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მოქალაქეთა ნაწილი კი ევაკუირებულია უსაფრთხო ადგილებში.


გარეკანის ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი