ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი სომხეთის ხელისუფლებას “სოროსელებს” უწოდებს

31 ივლისი, 2020 • 1326
ალიევი სომხეთის ხელისუფლებას “სოროსელებს” უწოდებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ASAN xidmət-ის რეგიონული ცენტრის გახსნაზე სომხეთის ხელისუფლებას “სოროსელები” უწოდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

“აშკარაა, რომ სომხეთში მომხდარი “რევოლუცია” სოროსის და მასთან დაახლოებული წრეების მორიგი პროვოკაციაა. დიახ, სომეხ ხალხს სძულდა წინა ხელისუფლება და არც მალავდა ამას. წინა ხელისუფლება სიძულვილის ღირსიც იყო, თუმცა არც შემდგომი ხელისუფლება განსხვავდება მათგან. შემთხვევითი არაა, რომ სოროსის ფონდმა სომხეთს პანდემიასთან საბრძოლველად 600 ათასი დოლარი გამოუყო. ვის დაეხმარა კიდევ პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვას? აზერბაიჯანს დაეხმარა? არა.

აზერბაიჯანში სოროსის ფონდის კვალიც კი არ დარჩა, რადგან ისინი აქ პროვოკაციით იყვნენ დაკავებული და ახალგაზრდებს ტვინს ურეცხავდნენ, სახელმწიფოს წინააღმდეგ ამხედრებდნენ. ამიტომაც “დავასრულეთ” ისინი. თუმცა მათ ფართოდ გაშალეს ფრთები სომხეთში და ამას არც მალავენ. ვიცით, რომ სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლება სოროსის ფონდისგან იღებს ფულს, არის მათი ჯაშუში და მათ დაკვეთას ასრულებს”.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალიევი სოროსის ფონდის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს.

2017 წელს The Guardian-ში გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც აზერბაიჯანის მმართველი ელიტის მიერ ლობისტურ სქემებზე დახარჯული ფულს შეეხებოდა, ალიევმა “სოროსის თანამზრახველების” მიერ შეკვეთილი სტატია უწოდა. 

30 ივლისს, ალიევის გამოსვლის პარალელურად, სოროსის ფონდისა და ფაშინიანის ხელისუფლების კავშირების შესახებ სტატიები რუსულ მედიაშიც გაჩნდა.

დღესდღეობით, სოროსის ფონდის “დასრულებას” საქართველოში “ქართული მარშიც” მოითხოვს. აღნიშნულ თემაზე პრესკონფერენცია “ქართულმა მარშმა” ასევე, გუშინ, 30 ივლისს ჩაატარა.


სოროსის დაფუძნებულმა ფონდმა  მხოლოდ 2014 წლამდე 80 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროგრამების განხორციელებისთვის. ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორისა ეკლესიებისა და ფრესკების რესტავრაციაც – მათ შორის, ყინწვისის ანგელოზის ცნობილი ფრესკა, დავით გარეჯის მხატვრობა და ასე შემდეგ.

ამჟამად ფონდს რამდენიმე პროგრამა აქვს – ადამიანის უფლებები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, მედია, ევროინტეგრაცია და ა.შ.

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” ღია საზოგადოების ფონდების ქსელის წევრი ორგანიზაციაა, რომელიც 1994  წელს ნიუ-იორკის “ღია საზოგადოების ინსტიტუტმა” დააფუძნა. ღია საზოგადოების ფონდების ქსელი  ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული ფონდების, პროგრამებისა და ინსტიტუტების ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს ღია საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებას მსოფლიოში, განსაკუთრებით კი – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში.

ჯორჯ სოროსი „ავტორიტარიზმისკენ სვლის“ შესაჩერებლად 1 მილიარდს გაიღებს

მასალების გადაბეჭდვის წესი