ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევის ადმინისტრაცია სოროსსა და სომხებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ კამპანიაში ადანაშაულებს

5 სექტემბერი, 2017 • 2557
ალიევის ადმინისტრაცია სოროსსა და სომხებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ კამპანიაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ადმინისტრაცია The Guardian-ში გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც ეხება აზერბაიჯანის მმართველი ელიტის მიერ ლობისტურ სქემებზე დახარჯული ფულს, განცხადებით გამოეხმაურა.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ ამის უკან დგანან აზერბაიჯანისა და მისი ხელისუფლების მოწინააღმდეგე ჯორჯ სოროსი და მისი თანამზრახველები, რომელთაც საერთაშორისო საზოგადოებაში დამსახურებულად აქვთ თაღლითების, ფალსიფიკატორთა, მატყუარების იმიჯი. დღეს ჯორჯ სოროსის ბინძური საქმეები სერიოზულად უნდა იყოს გამოძიებული. მასთან ერთად სომხური ლობი ბინძურ კამპანიას აწარმოებს აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. თავად ფაქტი, რომ «Guardian» -ის სტატიის თანაავტორი არის სომეხი დინა ნაგაპეტიანი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ეს ბრალდებები არის მორიგი ბინძური მოქმედებები, რომელსაც მსოფლიოში მცხოვრები სომხები მიმართავენ”, – წერია აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

The Guardian-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მმართველმა ელიტამ  ბრიტანეთში დარეგისტრირებული ოფშორული კომპანიის საშუალებით ე.წ შავი სალარო (2.9 მილიარდი ევრო) გამოიყენა, რათა ევროპელი პოლიტიკოსები მოექრთამა, ძვირადღირებული ნივთები შეესყიდა და ფული გაეთეთრებინა.

აზერბაიჯანის მმართველი ელიტის მიერ ფულის გათეთრებისა და ლობისტური სქემების შესახებ ერთობლირივი ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, აზერბაიჯანის აკრძალულ ვებგვერდებს კიდევ ერთი შეემატა. 


აზერბაიჯანში თავისუფალი ჟურნალისტების დევნამ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, სისტემური ხასითი მიიღო. ალიევის რეჟიმმა არაერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი დააპატიმრა და სხვადასხვა ბრალდებით გაასამართლა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არალოიალური მედიის წარმომადგენლებისა და მედიაორგანიზაციების ნაწილი იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ და საქმიანობა სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში გაეგრძელებინათ. ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტი აფგან მუხთარლია, რომელიც 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, ასევე, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების პროტესტისა და მოთხოვნების მიუხედავად, მისი გატაცების საქმე ქართულ მხარეს ამ დრომდე არ გამოუძიებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი