ახალი ამბები

ისტორიული შენობის დაკარგული ბუხარი და მის მიღმა არსებული სისტემური ხარვეზი

31 ივლისი, 2020 • 2816
ისტორიული შენობის დაკარგული ბუხარი და მის მიღმა არსებული სისტემური ხარვეზი

თბილისში, პაოლო იაშვილის 4 ნომერში, ისტორიულ სახლი დგას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი რამდენიმე წლის წინ მიანიჭეს. ამ შენობიდან, რომელშიც ათეულობით ადამიანი ცხოვრობს, ცოტა ხნის წინ ბუხარი გაქრა, რომელიც აქტივისტებმა და მოქალაქეებმა მოგვიანებით ანტიკვარების ერთ-ერთ მაღაზიაში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყეს, ხოლო ბუხარი ანტიკვარების მაღაზიიდან გამოძიების დასრულებამდე ამოიღეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიტანეს.

პარალელურად, იაშვილის 4-ის ბინადრები ნეტგაზეთს უყვებიან, რომ შენობა ავარიულია და ბუხარი მათ თავად მოხსნეს, რადგან ინგრეოდა და ადამიანებს საფრთხეს უქმნიდა. თუმცა, კატეგორიულად უარყოფენ, რომ მათ ისტორიული ბუხარი მოიპარეს და ანტიკვარიატის მაღაზიაში ჩააბარეს. როგორც ისინი ამბობენ, მათთვის უცნობია, ეს ვინ გააკეთა.

ამ ერთი კონკრეტული ბუხრის მიღმა, სპეციალისტთა აზრით, უფრო დიდი და საშიში სისტემური პრობლემა ჩანს – მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქალაქში არ არსებობს პასუხისმგებელი უწყება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მსგავს დეტალებს გაყიდვისგან დაიცავდა.

დაკარგული ბუხრის ამბავი

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის  სტატუსის მქონე პაოლო იაშვილის 4-დან გაუჩინარებული ბუხრის შესახებ პირველად  აქტივისტმა ნატა ფერაძემ დაწერა ფეისბუკზე. ფერაძე ნეტგაზეთს უყვება, რომ შენობაში ბუხრის გაუჩინარების შესახებ მეგობარმა შეატყობინა და განუმარტა, რომ ბუხარი ანტიკვარების ერთ-ერთ მაღაზიაში 5 ათას დოლარად იყიდებოდა.

ფერაძე ამბობს, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ პოლიციას მიმართა, უწყებამ კი გამოძიება დაიწყო.

„ანტიკვარების მაღაზიებში წლებია ბარდება ქალაქისთვის ძალიან მნიშენვლოვანი ნაწილები და ეს კანონით არ რეგულირდება… მე დავრეკე პატრულში, პატრულმა რეაგირება მოახდინა, მივიდნენ მისამართზე, იპოვეს ბუხრის დეტალები, დამიბარეს განყოფილებაში. მითხრეს, რომ ამოიღებენ ბუხარს და გამოძიების დასრულებამდე ის იქნება განყოფილებაში.

იპოვიან დაზარალებულ მხარეს, დაზარალებული მხარე ჩაითვლება ის, ვისი კუთვნილებაც არის – და ეს აღმოჩნდა ეკონომიკის სამინისტრო. … და მერე აქტივისტებმა უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს ბუხარი კვლავ ადგილზე დამონტაჟდეს“, – ამბობს ნატა ფერაძე.

შენობა პაოლო იაშვილის 4 ნომერში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მისივე თქმით, ხშირია, როდესაც ქალაქის ისტორიული შენობებიდან დეტალები, ორნამენტები ან მოკაზმულობა ქრება, თუმცა სახელმწიფოს ამაზე რეაგირება არ აქვს. ფერაძე განმარტავს, რომ მას სახლშიც აქვს ერთ-ერთი ასეთი დაკარგული ორნამენტი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ  მედიასაშუალებითაც ისაუბრა და მიმართა კიდეც უწყებებს, პასუხი არ მიუღია.

შენობა პაოლო იაშვილის 4 ნომერში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

პრობლემის სხვა კუთხეზე საუბრობენ თავად შენობის მცხოვრებლები. ისინი ნეტგაზეთს უყვებიან, რომ ამ შენობაში ცხოვრება საკმაოდ რთულია – აქ არ არის გაყვანილი გაზი, ხოლო ელექტროენერგიასთან დაკავშირებით ხშირად იქმნება პრობლემები. ამასთანავე, შენობა, ფაქტობრივად, ავარიულ მდგომარეობაშია. მოსახლეობის თქმით, ვითარებას ართულებს გვერდით მიმდინარე მშენებლობა, რომელიც მათ ბინებს აზიანებს. თბილისის განვითარების ფონდის თანახმად, შენობის რესტავრაცია წელს არ იგეგმება.

შენობა პაოლო იაშვილის 4 ნომერში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

რაც შეეხება თავად ბუხარს, ადგილობრივები ამბობენ, რომ ბუხარი მათ არ მოუპარავთ. მათი მონათხრობის თანახმად, ბუხარი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ნაწილებად იშლებოდა. უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეებმა ბუხარი დაშალეს, შემდეგ კი მისი ნაწილები უგზო-უკვლოდ გაქრა.

ადგილი, სადაც მანამდე ბუხარი იდგა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა მაღაზიას, სადაც ბუხარი იპოვეს. მისმა მფლობელმა გუგა კოტეტიშვილმა გვითხრა, რომ მაღაზიამ ბუხარი უცნობი ადამიანისგან შეიძინა, ნივთი ახლა პოლიციის განყოფილებაშია, მის გამყიდველს კი პოლიცია ეძებს.

„ქალაქი ნაწილ-ნაწილ იყიდება და ეს უკვე ტენდენციაა“ – ცირა ელისაშვილი

„ეს ნამდვილად არ არის ერთადერთი მაგალითი. მთელი ტენდენციაა, რომ ეს ქალაქი ნაწილ-ნაწილ იყიდება. ამასობაში ჩვენ ვკარგავთ ისტორიულ ქალაქს და ამ ისტორიული ქალაქის ნამდვილობას“, – ამბობს ნეტგაზეთთან „თბილისის ჰამქარის“ ხელმძღვანელი ცირა ელისაშვილი.

ის გვიყვება, რომ, როგორც წესი, ისტორიული შენობებიდან დეტალებს, ორნამენტებსა თუ კულტურუად მნიშვნელოვან ნივთებს თავად მოსახლეობა ყიდის, ვინაიდან კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ზოგადია, ხოლო უწყება, რომელიც თბილისის ისტორიულ ნაწილს დაიცავდა, არ არსებობს. ელისაშვილისთვის ეს სახელმწიფო ნების არარსებობაზე მიუთითებს.

„უნდა არსებობდეს სპეციალური ინსტიტუციები ქალაქში. მაგალითად, თბილისის დონეზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისტორიულ ნაწილს, ძველ თბილისს. ჩვენ, სამწუხაროდ, ასეთი ინსტიტუცია არ გვაქვს – ეს არის პრობლემა.

ეს არის პრობლემა იმიტომ, რომ თუ მე დავდივარ და ვაფიქსირებ ასეთ დანაკარგებს, ეს კონკრეტულმა უწყებამ უნდა გააკეთოს, იქნება ეს მუნიციპალური ინსპექცია თუ რაიმე სხვა სახის სამსახური – ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ასეთი ტიპის სამსახური უნდა არსებობდეს. სხვანაირად, ჩვენ ვერ გამოვასწორებთ იმ სურათს“, – ამბობს ელისაშვილი.

მისი შეფასებით, პრობლემის სიმწვავეზე მეტყველებს ისიც, რომ რადგან კანონი ზოგადი ხასითისაა, მოქალაქეებსაც ხშირად ჰგონიათ, რომ შენობის რომელიმე დეტალს არ ეხება. მაგალითად, ელისაშვილი იხსენებს ერთ შემთხვევას, როდესაც მოქალაქე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლის აივანს ყიდდა.

„ის ადამიანი იმდენად დარწმუნებული იყო, რომ სწორად და ლეგალურად იქცეოდა, რომ სრულიად საჯაროდ, ონლაინ გაყიდვების ერთ-ერთ საიტზე დადო საკუთარი აივანი, რომელსაც ყიდდა იმ შენობიდან, რომლიდანაც ეს აივანი ჯერ მოხსნილი არ იყო. ჩვენ მივედით და ავუხსენით, რომ ეს კანონდარღვევა იყო“, – უთხრა ელისაშვილმა ნეტგაზეთს.

რაც შეეხება ბუხრის შემთხვევას, ელისაშვილი გვიყვება, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დეტალს იპოვიან, ცალკე პრობლემა დგება მისი დაბრუნებასა ან/და უკან დამონტაჟებასთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელს ხშირად დიდი თანხა სჭირდება, რომელსაც, როგორც წესი, არც მერია და არც სხვა რომელიმე უწყება არ გამოყოფს.

გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც დეტალის მოხსნისას მისი აზომვა ან ნაწილების სწორი აღრიცხვა არ ხდება, რაც აღდგენის ისედაც რთულ პროცესს კიდევ უფრო ართულებს.

„მე პირადად მქონდა ერთი ასეთი გამოცდილება –  პოლიციამ აღმოაჩინა სადარბაზოს სამი კარი და მე დამიკავშირდნენ, მითხრეს, თქვენზე გავიგეთ, რომ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ამ სამი კარის მისამართების ამოცნობაშიო.

მართლაც მივედი, მანახეს და სამივე კარის მისამართი ვუთხარი, თუ საიდან იყო მოხსნილი. 6 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ეს კარები უკან დაგვებრუნებინა, მაგრამ კარის დაბრუნება შედარებით მარტივია, მუშის ფულიც უფრო იაფია, მაგრამ ბუხრის ადგილზე მონტაჟი ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რომლის საშუალება მეც არ მაქვს. და ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, პოლიციიდან დაწყებული მერიით დამთავრებული, ამ თანხას, დიდი ალბათობით, არ გაიღებს“, – ამბობს ცირა ელისაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი