ახალი ამბები

ქვეყანაში სასამართლო აღარ არსებობს – სამადაშვილი რურუას განაჩენზე

30 ივლისი, 2020 • 991
ქვეყანაში სასამართლო აღარ არსებობს – სამადაშვილი რურუას განაჩენზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, გიორგი რურუას გამამტყუნებელი განაჩენით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ “სასამართლო სისტემა ქვეყანაში არ არსებობს”. ამის შესახებ სამადაშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში სასამართლო აღარ არსებობს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა აქ. ბიძინა ივანიშვილს ძალიან მძიმედ დაუჯდება ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზე, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ გიორგი რურუას ბევრად ნაკლები დრო დარჩა ციხეში გასატარებლად, ვიდრე აქამდე გაატარა, იმიტომ, რომ ნოებრიდან ზის ციხეში, ოქტომბრის ბოლოს კი ქვეყანაში აუცილებლად შეიცვლება პოლიტიკური ხელისუფლება”, – განაცხადა სამადაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშვედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა დღეს, 30 ივლისს გამოაცხადა.

“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 2019 წლის 25 დეკემბერს კი საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ რურუას დაუმატეს ახალი ბრალდება — სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა (სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება).

გიორგი რურუა თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიებიც, მათ შორის, ენმ და ევროპული საქართველო. იმის გამო, რომ გიორგი რურუა ამ დრომდე არ იყო გათავისუფლებული პატიმრობიდან, აღნიშნულმა პარტიებმა მონაწილეობა არ მიიღეს საკონსტიტუტციო ცვლილებების დამტკიცებაში, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით უნდა ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი