ახალი ამბები

გერმანიიდან გამოყვანილ ჯარს აშშ შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებში გადაანაწილებს

30 ივლისი, 2020 • 1544
გერმანიიდან გამოყვანილ ჯარს აშშ შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებში გადაანაწილებს

ამერიკის შეერთებულ შტატებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბაზირებული სამხედრო კონტინგენტიდან 12 000 ჯარისკაცი გამოჰყავს, იტყობინება Fox News.

მედიასაშუალების ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ პროცესი „რამდენიმე კვირაში“ დაიწყება, ხოლო ამ 12 000 სამხედრო მოსამსახურიდან 6 400 აშშ-ში დაბრუნდება, 5 600 კი ევროპის კონტინენტის სხვა ქვეყნებში იქნება გადასროლილი.

კერძოდ, ძალების ნაწილის ბაზირება იგეგმება იტალიაში, ხოლო აშშ-ის, ევროპისა და სპეციალური ოპერაციების სასარდლო შტუტგარდიდან ბელგიაში გადავა. ასევე, 25 ივნისს პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან შეხვედრისას, დონალდ ტრამპმა  დაანანოსა, რომ გერმანიიდან გამოყვანილი ჯარისკაცების ნაწილი პოლონეთში გადავიდოდნენ.

ამასთან ერთად, გერმანიაში დარჩება 24 000 ამერიკელი ჯარისკაცი, სხვა ძალები კი, ესპერის ცნობით, აღმოსავლეთით — ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და შავი ზღვის რეგიონში გადაინაცვლებს.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, მიზეზი ისაა, რომ გერმანია არ ხარჯავს საკმარის თანხას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის [NATO]:

„იმიტომ ვამცირებთ ძალებს, რომ ფულს არ იხდიან. ძალიან მარტივია“, — უთხრა მან ჟურნალისტებს და დაამატა, რომ შეიძლება დაფიქრდეს გადაწყვეტილების შეცვლაზე, თუ გერმანია „ფულის გადახდას დაიწყებს“.

NATO-ს სტანდარტების თანახმად, ბლოკის წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაში უნდა დახარჯონ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%. CNBC-ის ცნობით, აშშ ამ კომპონენტში ხარჯავს მშპ-ის 3%-ზე მეტს, ხოლო გერმანია — დაახლოებით 1.3%-ს.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი