ახალი ამბები

რაჭაში გზა ჩაწყვეტილია 8 მონაკვეთზე – ინფრასტრუქტურის სამინისტრო

29 ივლისი, 2020 • 1617
რაჭაში გზა ჩაწყვეტილია 8 მონაკვეთზე – ინფრასტრუქტურის სამინისტრო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რაჭაში ამ დროისთვის 8 მონაკვეთია იდენტიფიცირებული, სადაც გზა მთლიანად ჩაწყვეტილია.

„12 ერთეული ტექნიკა – ექსკავატორები, ბულდოზერები, თვითმსვლელები უკვე მობილიზებულია, ასევე აქ არიან მაღალი კვალიფიკაციის, გამოცდილი ოპერატორები და შეზღუდული რელიეფიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ მოკლე პერიოდში მოხდეს მონაკვეთების აღდგენა. ჯერჯერობით რთულია ზარალის ოდენობაზე საუბარი, პირველ რიგში, ჩვენი მიზანია მოვახდინოთ სტიქიის ლიკვიდაცია, რასაც შემდგომში მოჰყვება აუცილებელი სამუშაოები“, – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, არსებული მდგომარეობის ფონზე, შესაძლოა, დამატებითი ტექნიკის მობილიზება გახდეს საჭირო, კერძოდ კი, 5 ერთეულ მძიმე ტექნიკაზე – „რაც რეგიონში გაგვაჩნია“.

ამასთანავე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტროს მოადგილის, ილია ბეგიაშვილის ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წყალი ავარიულ რეჟიმში მიეწოდება და თუ სტიქია არ განმეორდა, წყალმომარაგების დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ოპერატიულად დაიწყება.


რაჭაში უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდდა, რის გამოც განადგურდა საავტომობილო გზის ნაწილი და ხიდები, ხოლო ელექტროგადამცემი ბოძების ნაწილი წყალმა წაიღო.

სტიქიის გამო ზოგ სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მოქალაქეთა ნაწილი კი ევაკუირებულია უსაფრთო ადგილებში.

სტიქია რაჭაში – წყალმა გზები, ხიდები და ელექტროგადამცემი ბოძები წაიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი