დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, Covid-19-ის იმპორტირებული შემთხვევების 46.6% რუსეთზე მოდის.
ცენტრის მიერ მომზადებულ რიგით მე-3 ანგარიშში, “კორონავირუსი საქართველოში”, წერია, რომ ქვეყანაში 980 დადასტურებული შემთხვევიდან (11 ივლისის მდგომარეობით) 27%-ზე მეტი (სულ 272 ინფიცირებული) იმპორტირებული შემთხვევა იყო, საიდანაც ყველზე მეტი, 127 შემთხვევა (46.6%), რუსეთზე მოდის. შემდეგ არიან თურქეთი- 23 შემთხვევა (8.4%); აზერბაიჯანი- 22 შემთხვევა (8%) და სომხეთი- 21 შემთხვევა (7.7%).
2019 წლის დეკემბერში ქალაქ ვუჰანში (ჰუბეის პროვინცია, ჩინეთი) წარმოშობილი მწვავე მძიმე რესპირატორულ სინდრომთან დაკავშირებული კორონავირუსი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა ჩინეთის საზღვრებს გარეთ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ Covid-19 11 მარტს პანდემიად შეაფასა. დღეს, 29 ივლისის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის სულ 1155 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 929 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა.
