ახალი ამბები

თამარ ბაჩალიაშვილის Facebook გვერდი აღარ იძებნება

28 ივლისი, 2020 • 2329
თამარ ბაჩალიაშვილის Facebook გვერდი აღარ იძებნება

თამარ ბაჩალიაშვილის “ფეისბუკ” გვერდი, რომელიც ხუთდღიანი ძებნის შემდეგ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.

რატომ აღარ იძებნება გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ანგარიში “ფეისბუკში”, გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა არ იცის. რამიშვილი ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია” ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მედიისგან შეიტყო და ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მიდის, სადაც ახალგაზრდა ქალის პირადი კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ექსპერტებმა უნდა გახსნან.

რამიშვილი აღნიშნავს, რომ კითხვას ბაჩალიაშვილის “ფეისბუკ” ანგარიშთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს დაუსვამს.

მანამდე, ადვოკატი აცხადებდა, რომ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა და დასახმარებლად ამერიკული მხარისთვის მიმართვას გეგმავდა.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ამბობენ, რომ ქალი ან მოკლეს, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

ოჯახი ითხოვს, რომ საქმეს სამხარეო პოლიცია ჩამოშორდეს.

რა ვიცით თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი