ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

„სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებამ არ უნდა შემოაღწიოს საქართველოში“

28 ივლისი, 2020 •
„სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებამ არ უნდა შემოაღწიოს საქართველოში“

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განახლებული სამხედრო შეტაკებების ფონზე, მსოფლიოს არაერთ ქალაქში მოხდა დაპირისპირება ამ ქვეყნების მოქალაქეებს შორის. რამდენიმე დღის წინ საქართველოში მომხდარ „სამწუხარო“ ინციდენტზე საუბრობენ ინციდენტის მონაწილეთა მეგობრები. მათ თანახმადვე, საკითხი ამოწურულია. „ნეტგაზეთთან“ საუბარში აქტივისტები და კონფლიქტოლოგი ამბობენ, რომ კონფლიქტმა საქართველოში არცერთი სახით არ უნდა შემოაღწიოს.

სადახლოს ეპიზოდი

როგორც „ნეტგაზეთს“ სამოქალაქო აქტივისტი, ნორიკ გასპარიანი უამბობს, 26 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ასეთი ინციდენტი მოხდა:

მისი მეგობარი, სოფელ შაუმიანის მცხოვრები ახალგაზრდა კაცი, რომელთან ერთადაც თავისი კიდევ ერთი მეგობარი იმყოფებოდა, სომხური სახელმწიფო ნომრების მქონე ოპელის მარკის მანქანას მართავდა, რა დროსაც უკნიდან ავტომობილმა, რომელშიც ხუთი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდა იჯდა, სიგნალებით გაასწრო; ოპელის მარკის ავტომობილმა სიგნალს სიგნალით უპასუხა, რასაც უკვე წინ წასული მანქანის გაჩერება მოჰყვა, შელაპარაკების შემდეგ კი ოპელის ერთ-ერთი მგზავრი სცემეს.

„ნეტგაზეთი“ იმ დღესვე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინციდენტთან დაკავშირებით — ჩვენ გვაინტერესებდა, დააკავეს/გამოკითხეს თუ არა ვინმე, დაიწყო თუ არა გამოძიება ან საქმისწარმოება და თუ კი — რა მუხლით.

მიუხედავად იმისა, რომ, ნორიკ გასპარიანის ცნობით, ინციდენტი სადახლოს პოლიციის შენობასთან მოხდა, უწყებისგან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

ნორიკ გასპარიანი. ფოტო: ფეისბუკიდან

იმავე დღეს აქტივისტმა ნორიკ გასპარიანმა დაწერა: „კონფლიქტი მოგვარებულია. შევთანმხდით, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. იმედია, დამნაშავეები დაისჯებიან. მარნეული თანაცხოვრების კარგ მაგალითად უნდა დარჩეს“…

დაპირისპირება კონფლიქტის ფონზე ევროპის ქალაქებში

მას შემდეგ, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებულმა კონფლიქტმა, — ამჯერად ამ ქვეყნების სასაზღვრო ზოლზე და არა უშუალოდ მთიან ყარაბაღში, — ინტენსიური სახე მიიღო, ევროპის არაერთ ქალაქში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ადამიანები ეთნიკური ნიშნით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

კონფლიქტი 12 ივლისს გამწვავდა, — მხარეებმა, ტრადიციულად, ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის გახსნასა და პროვოკაციებში, — და მის შედეგად უკვე 16-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

შეტაკებების განახლების ფონზე, სომხური და აზერბაიჯანული დიასპორები მსოფლიოს არაერთ ქალაქში — ლონდონში, მოსკოვში, ლოს-ანჯელესში თუ ბრიუსელში — ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ინციდენტების ნაწილი, გამოცემა „ევრაზიანეტის“ ცნობით, მოხდა იმ აქციებზე, რომლებიც ერთი ან მეორე მხარის მხარდასაჭერად ტარდებოდა სომხეთის თუ აზერბაიჯანის საელჩოებთან. ამავე გამოცემის თანახმად, ზოგიერთი დაპირისპირება კი პროვოცირებული იყო ჯგუფების მიერ, რომლებსაც სხვა ეთნიკურ ჯგუფთან ასოცირებული ბიზნესი თუ დაწესებულებები ჰქონდათ მიზანში ამოღებული.

მოსკოვში, მაგალითად, 18 ივლისიდან აზერბაიჯანელი ბიზნესმენის კუთვნილმა სავაჭრო ქსელმა შეწყვიტა სომხეთის „ეროვნული ხილის“, გარგრის, შესყიდვა სომხური წარმოშობის მოვაჭრეებისგან. ეს ამბავი ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმაც“ გააშუქა.

23 ივლისს სომხური და აზერბაიჯანული დიასპორების შეტაკების შედეგად მოსკოვში 25 ადამიანი დააკავეს. „გარდიანის“ თანახმად, კადრებში ჩანდა, თუ როგორ იღებს მიზანში მამაკაცთა ჯგუფი სომხური ნომრების მქონე მანქანას; სხვა კადრებში კი ჩანს, როგორ ვარდება  ჯოხებით შეიარაღებული კაცების სხვა ჯგუფი აზერბაიჯანულ რესტორანში…

როგორც რადიო „თავისუფლება“ იუწყება, დაპირისპირებების ფონზე, რუსეთში სომხეთისა და აზერბაიჯანის ელჩებმა საზოგადოებას მოუწოდეს, თავიდან აიცილონ კონფრონტაცია და „პროვოკაციები“.

„არ უნდა დავუშვათ ესკალაცია საქართველოს შიგნით“

აქტივისტები და კონფლიქტოლოგი, ვისაც „ნეტგაზეთი“ ესაუბრა, გამოთქვამენ იმედს, რომ საქართველოში მსგავსი შემთხვევები არ დაფიქსირდება.

ნორიკ გასპარიანი, რომლის თქმითაც, სადახლოში მის მეგობარს სცემეს, ამ ინციდენტს  სამწუხარო ფაქტად აფასებს და გამოთქვამს იმედს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. ის ასევე გვეუბნება:

„იმედია, შემდგომში აღარ იქნება მსგავსი შემთხვევები, რადგან არ გვინდა საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი ეთნიკური სახის დაპირისპირებები. ეს არ მომხდარა აქამდე და, იმედია, არ მოხდება ამის მერეც“.

პაატა ზაქარეიშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს:

„ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ლონდონში, ბრიუსელში, ნიუ-იორკში თუ მოსკოვში. თუმცა ყველგან წერენ, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები. ჩვენთან მყოფი აზერბაიჯანელები და სომხები კი საქართველოს მოქალაქეები არიან. საქართველო მათი სამშობლოა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, — ვიცნობ რა მათ უმრავლესობას კარგად ,— რომ ისინი თავისი სამშობლოს ინტერესს არ დაუპირისპირდებიან. საქართელოს ინტერესი კი, პირველ რიგში, არის, ჰქონდეს ღირსეული დამოკიდებულება როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან“.

„ამიტომ ყველასთვის უნდა იყოს მოწოდება, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან ესკალაცია შიგნით, საქართველოში, მით უმეტეს, როდესაც ასეთი ესკალაცია არ ყოფილა მაშინაც კი, როცა ცხელ ფაზაში იყო ყარაბაღის კონფლიქტი 2016 წელს“, – ამბობს ზაქარეიშვილი.

12 ივლისიდან მოყოლებული, საქართველოში, სულ მცირე, ორი მშვიდობიანი აქცია ჩატარდა კონფლიქტთან დაკავშირებით: 21 ივლისს ახალქალაქში სომხეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, დევიზით „არა ომს“; 26 ივლისს კი მარნეულში ჩატარდა აზერბაიჯანის მხარდამჭერი აქცია, დევიზით „დასრულდეს ოკუპაცია“.

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს აქციები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ექცევა და ხაზს უსვამს, რომ „ეს არ უნდა გადადიოდეს ძალადობაში, ან პიროვნების შეურაცხყოფაში და პიროვნულ ურთიერთობებში“.

პრობლემები

სამოქალაქო აქტივისტი ქამრან მამედლი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ მართალია, შეიძლება, საქართველოს მოქალაქეები წუხდნენ, რომ რეგიონში ასეთი კონფლიქტი არსებობს, ამ ყველაფრის ეთნიკურ ან სხვა ჭრილში დანახვა პრობლემურია:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რეალობაში უმრავლესობა, დომინანტი ეთნიკური ჯგუფი [ქართველები], გვეუბნება, რომ ჩვენ სადღაც „ისტორიული სამშობლო“ გვაქვს, მე არ მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეებს სადმე ისტორიული სამშობლო ჰქონდეთ, გარდა საქართველოსი. მარტივი ფორმულაა: ვართ საქართველოს მოქალაქეები, შესაბამისად, ვართ საქართველოს საზოგადოების ნაწილი და აქ უკვე დამატებითი მინიშნებებზე თუ სხვა სახელმწიფოსთან კუთვნილებაზე საუბარი მეტად სამწუხაროა“, – ამბობს ქამრამ მამედლი.

„მე მგონია, რომ საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი მოქალაქე, არის ქართული საზოგადოების ნაწილი და არანაირი სენტიმენტი არ უნდა ჰქონდეს მეზობელ ქვეყანაში ეთნიკური კუთვნილების გამო მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების მიმართ“, – გვეუბნება ის.

ქამრან მამედლის თანახმად, ბოლო პერიოდმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა სისტემური პრობლემები: „სისტემურად რომ ვერ ვმუშაობთ, ვერ ჩამოვაყალიბეთ ისეთი სამოქალაქო თვითშეგნება, სადაც ცნობიერების და ქვეცნობიერის დონეზე კითხვებიც კი არ გაჩნდებოდა და ეს საკითხიც კი არ წამოიწეოდა ასე“.

მისი თქმითვე, ახლა რთულია სტრატეგიებსა და პერსპექტივებზე საუბარი, თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ამ კუთხით სერიოზული სამუშაოა საჭირო:

„ყველაზე დიდი გამოწვევა ამ პროცესში არის ის, რომ არ ხდება გამართიანებელი იდენტობის, ცნობიერების შექმნა განათლების სამინისტროს დონეზე, სახელმწიფო სტრატეგიის დონეზე. ეს მაშინ, როცა ამ ორივე რეგიონში [სადაც ეთნიკური სომხები და ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ], მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული წიგნებით ასწავლიან ბავშვებს და განათლების სამინისტრომ ვერა და ვერ დაადგა საშველი იმას, რომ ეს წიგნები საქართველოში დაიბეჭდოს და არ იყოს მათში მეზობელი ქვეყნების დროშები და ჰიმნები“.

შერიგების ხმები

ასეთი დაძაბული პერიოდები საზოგადოებას უჩვენებს ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო სამშვიდობო ინიციატივებისა და ნარატივების საჭიროებას. ასეთად ხშირად ასახელებენ მუსიკალურ ფესტივალ One Caucasus-ს („ერთიან კავკასიას“), რომელიც საქართველოში ტარდება და სამი ქვეყნის მუსიკოსებს აერთიანებს ხოლმე.

One Caucasus – ფესტივალისკენ გზის მიმანიშნებელი ბანერი ფოლადაურში. 2018 წლის სექტემბერი © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

27 ივლისს, კონფლიქტის გააქტიურებიდან ორიოდე კვირაში, ფესტივალის ორგანიზატორებმა ფეისბუკზე წერილი გამოაქვეყნეს, სადაც წერენ:

„უახლესი ისტორია სამწუხარო ჭეშმარიტებას შეგვახსენებს – განადგურება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე შენება… One Caucasus არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია,— ჩვენ არ მოვაჩვენებთ საზოგადოებას თავს, თითქოს ვიცოდეთ, როგორ უნდა მოგვარდეს კონფლიქტები მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ მოწმენი ვართ იმ საოცარი ძალისა, რაც გაყოფილი ქვეყნებიდან ახალგაზრდა ადამიანების ერთად თავშეყრას, გაცნობას ახლავს თან, რასაც ერთმანეთის შეცვლა მოჰყვება“.

„ჩვენ, „ერთიანი კავკასიის“ ხალხი, ვდგავართ მშობლებთან, რომლებმაც დაკარგეს შვილები; ვდგავართ შვილებთან, რომლებმაც დაკარგეს მშობლები… ჩვენ ვდგავართ მათთან, ვინც სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი „მტრის“ ერს განეკუთვნებიან… ჩვენ ვდგავართ მათთან, ვინც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ძალადობა შეჩერდეს“, – წერენ ფესტივალის ორგანიზატორები.


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში „ნეტგაზეთს“ უარი უთხრეს ამ საკითხზე რაიმე კომენტარის გაკეთებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი