ახალი ამბები

ფოთში მომხდარი მკვლელობის გამო ბრალი კიდევ 3 პირს წარუდგინეს

27 ივლისი, 2020 • 1374
ფოთში მომხდარი მკვლელობის გამო ბრალი კიდევ 3 პირს წარუდგინეს

პროკურატურის ინფორმაციით, ფოთში 2 ივლისს მომხდარ მკვლელობის საქმეზე კიდევ სამ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მათ წინასწარი შეთანხმებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლებით წარედგინათ ბრალი.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ივლისს ფოთში ი.ქ., ო.კ., გ.რ., ი.ფ., ი.ა, და ზ.ო. წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებულები თავს დაესხნენ მამასთან და მეგობარ გ.ჟ-სთან ერთად პანაშვიდზე მყოფ ვ.ტ.-ს, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ და ასევე, ვ.ტ.-ს მამას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ხელკეტებით ცემის შემდეგ ი.ფ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.ტ.-ს ქვედა კიდურები დაუზიანა, ხოლო შემდეგ ვ.ტ. თავდამსხმელებმა ი.ქ.-ს კუთვნილი ავტომანქანით გაიტაცეს.

იმავე დღეს ვ.ტ. მიიყვანეს ფოთის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ვ.ჯ. მივიდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ი.ქ.-მ, ო.კ.-მ, გ.რ.-მ, ი.ფ.-მ, ი.ა.-მ და ზ.ო.-მ მჭრელი საგნის გამოყენებით ვ.ტ.-ს სხეულის სხვადასხვა ადგილი დაუსერეს და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მიზნით, ბეისბოლის ჯოხებით თავისა და სხეულის არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ვ.ტ. იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”, – წერია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობითვე, ი.ქ. და ვ.ჯ. 2020 წლის 3 ივლისს, ო.კ.- 4 ივლისს, ხოლო გ.რ. 5 ივლისს დააკავეს და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაუსწრებლად ბრალდების წარდგენის შემდეგ, ი.ფ.-ს, ი.ა.-ს და ზ.ო.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ და მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით. დამტკიცების შემთხვევაში ბრალი თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი