ახალი ამბებისაზოგადოება

“რადგან ამაზე წავიდნენ, შეიძლება კონტრაქტის გაწყვეტამდე მივიდეს საქმე” – იაგო კაჭკაჭიშვილი თსუ-ზე

27 ივლისი, 2020 • 3008
“რადგან ამაზე წავიდნენ, შეიძლება კონტრაქტის გაწყვეტამდე მივიდეს საქმე” – იაგო კაჭკაჭიშვილი თსუ-ზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ  თსუ-ის რექტორ გიორგი შარვაშიძის მხრიდან პლაგიატის საკითხის წამოწევის შემდეგ, თსუ-ში შექმნილმა კომისიამ იაგო კაჭკაჭიშვილს “თვითპლაგიატისა და კომპილაციის საფუძველზე აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა” დაუდგინა. იაგო კაჭკაჭიშვილი ამ ფაქტს შურისძიებას უკავშირებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი კომენტარს არ აკეთებს.

რა ხდება

24 ივლისს ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-მ გამოაქვეყნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკის დარღვევის დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის დასკვნა, რომელიც პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ “თვითპლაგიატიზმსა” და სხვისი ნაშრომების “კომპილაციაზე” მიუთითებს. თსუ-ში ამბობენ, რომ ინფორმაცია მათ არ გაუციათ.

დასკვნით ირკვევა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 13 აპრილის ბრძანებით შეიქმნა კომისია მოქალაქე დათო ნადირაძის განცხადებისა და თსუ-ის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის, ირაკლი ღარიბაშვილის კორესპონდენციაში დასმული საკითხების განსახილველად.

კომისიას უნდა დაედგინა:

  1. ფიქსირდება თუ არა თვითპლაგიატის ფაქტი იაგო კაჭკაჭიშვილის სადისერტაციო ნაშრომისა და 2001 წელს გამოცემული მისი წიგნის “სოციალური მოქმედების თეორიები” შემთხვევაში;
  2. არის თუ არა იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ 2001 წელს დაცული სადოქტორო დისერტაციის უდიდესი ნაწილი სხვა ავტორების ნაშრომების კომპილაცია.

სადისერტაციო ნაშრომისა და წიგნის შესწავლის შედეგად კომისიამ გამოავლინა, რომ იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომი “სოციალური მოქმედების თეორიები”, რომელიც 2001 წელს იქნა ავტორის მიერ წარდგენილი სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, და მისივე წიგნი “სოციალური მოქმედების თეორიები”, რომელიც 2001 წელს არის გამოცემული ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით, გამოიცა და დაშვებულია დამხმარე სახელმძღვანელოდ მაგისტრანტებისთვის, ფაქტობრივად, იდენტურია შინაარსობრივი თვალსაზრისით. ანტიპლაგიატის სისტემებით შემოწმების შედეგად დადასტურებულია: Turnitin – ჯამური მსგავსებების მაჩვენებელი 77%, URKUND – 85%.

“განურჩევლად იმისა, 2001 წელს ჯერ სახელმძღვანელო შეიქმნა და მერე იქნა წარმოდგენილი სადისერტაციო ნაშრომი თუ პირიქით, არცერთ მათგანში არ არის მითითებული, რომ მეორე მათგანი პირველზე დაყრდნობით შეიქმნა, რაც თვითპლაგიატის თავიდან აცილების შესაძლებლობას შექმნიდა”,  – ნათქვამია კომისიის დასკვნაში.

კომპილაციის საკითხთან დაკავშირებით დასკვნაში ნათქვამია, რომ ავტორს განხილული აქვს სხვა ავტორთა ნაშრომები, რაც სადისერტაციო ნაშრომის დიდ ნაწილს მოიცავს და შეიცავს კომპილაციის ნიშნებს.

დასკვნის თანახმად, კომისიის წევრებმა 3 სამუშაო შეხვედრა გამართეს და საბოლოოდ “კომისიის წევრების ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბდა”. დასკვნას ხელს აწერენ კომისიის წევრები:

  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ზვიად აბაშიძე;
  • ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ფირცხალავა;
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან ხუციშვილი;
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნატალია ბასილაია;
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი სალომე დუნდუა.

იაგო კაჭკაჭიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ხმამაღლა გამოხატა პროტესტი თსუ-ის რექტორის პლაგიატთან დაკავშირებით, რექტორმა შურისძიების რამდენიმე სერია მოაწყო, მათ შორის, თსუ-ში შეიქმნა ეთიკის კომისია, რომელსაც მისი სადოქტორო დისერტაციის შესწავლა დაევალა. კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, მომჩივანი დათო ნადირაძე არც სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელია და არც – თსუ-ის თანამშრომელი, თუმცა იყო გია შარვაშიძის მეუღლის ორგანიზაციის თანამშრომელი და მის ოჯახთან დაახლოებული პირი, რაც ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს შეიცავს.

“2001 წლის იანვარში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია და ამავე წელს დაიბეჭდა ჩემი წიგნი „სოციალური მოქმედების თეორიები“, რომელიც არის დამხმარე სახელმძღვანელო მაგისტრანტებისთვის. ანუ, ჩემივე დისერტაცია წიგნად გამოვეცი, თუმცა, დამხმარე სახელმძღვანელოსთვის დამახასიათებელი მოდიფიკაციით, რაც გამოიხატა თავების შეჯამებით, დავალებების აღწერით და ა.შ. ცვლილების მიუხედავად, ბუნებრივია, წიგნმა გაიმეორა დისერტაციის არსებითი ნაწილი (85%). კომისიამ ჩათვალა, რომ ეს არის ავტოპლაგიატი, რადგან წიგნში არ მაქვს მითითებული, რომ ის ჩემივე დისერტაციის საფუძველზეა დაწერილი (თუმცა დისერტაციაში შავით თეთრზე წერია, რომ ის შეიძლება გამოადგეთ მაგისტრანტებს და დოქტორანტებს სწავლის პროცესში, რაც ასეც ხდება უკვე თითქმის 20 წელია). 2001 წელს საქართველოს აკადემიური სივრცე და არცერთი ფორმალური რეგულაცია არ იცნობდა „ავტოპლაგიატის“ ცნებას და არც მე მომსვლია თავში, წიგნში ჩამეწერა, რომ ის დისერტაციის საფუძველზეა დაწერილი. დღემდე ავტოპლაგიატის საკითხი საკმაოდ სადებატოა და ერთ-ერთი განმარტების თანახმად, თუ გამოუქვეყნებელი ნაშრომის გამოქვეყნება ხდება, ეს არ შეიძლება, შესაბამისი მითითების გარეშე, ჩაითვალოს გადაცდომად (მოგეხსენებათ, დისერტაცია ხელნაწერის უფლებით სარგებლობს და ის ოფიციალურად გამოქვეყნებულ დოკუმენტად არ ითვლება). ხვდებით ხომ ვითარების აბსურდულობას? რექტორმა სხვისი დაწერილი ნაშრომი პირწმინდად მიითვისა და პლაგიატი არ ჩამიდენიაო, ამტკიცებს, და მე ჩემივე დისერტაციის გამოქვეყნება მეთვლება მეცნიერულ არაკეთილსინდისიერებად”, – წერს კაჭკაჭიშვილი.

სრულ არაადეკვატურობად აფასებს იაგო კაჭკაჭიშვილი ეთიკის კომისიის დასკვნის ნაწილს კომპილაციის საკითხთან დაკავშირებითაც.

“ვინ არიან ეს „სხვა ავტორები“? მაქს ვებერი, ტალკოტ პარსონსი, ჯორჯ მიდი, ჰერბერტ ბლუმერი, ენტონი გიდენსი და ა.შ., რომლებიც სოციალური მოქმედების თეორიების კლასიკოსები და თანამედროვე ავტორები არიან. ჩემი დისერტაცია შესრულებული იყო თეორიული სოციოლოგიის სფეროში და როგორ შემეძლო ზემოაღნიშნულ მეცნიერთა თეორიების განხილვის გარეშე დამეწერა ნაშრომი? ანუ, კომისია ჩემგან ითხოვს, რომ მე თავად უნდა ვყოფილიყავი სოციალური მოქმედების ორიგინალური თეორიის შემქმნელი? და ესეც რომ ყოფილიყო, სხვა თეორიები არ უნდა განმეხილა? ჩემი დისერტაცია მონოგრაფიაა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში პირველად მოვუყარე თავი და კრიტიკულად განვიხილე თეორიები და ავტორები, რომელთა შესახებაც ჩემამდე საქართველოში ერთი წინადადებაც არ დაწერილა არათუ დისერტაციის, არამედ, სამეცნიერო სტატიის სახით”, – წერს კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

იაგო კაჭკაჭიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ეთიკის კომისია, როგორც წესი, ატარებს ინტერვიუებს ყველა მხარესთან. თუმცა, ამ შემთხვევაში, კაჭკაჭიშვილთან ინტერვიუ არ ჩაუტარებია. კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა მასთან გასაუბრება მოითხოვეს, მაგრამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან კატეგორიული უარი მიიღეს.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც, სადაც ამბობენ, რომ ვიდრე კომისიის დასკვნას აკადემიური საბჭო არ განიხილავს, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. თავად ეთიკის კომისიის დასკვნით, კაჭკაჭიშვილის მხრიდან ფიქსირდება აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა, თუმცა თითქმის 20 წლის წინ წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომის ამ კუთხით განხილვა და “შემდგომი ქმედებების განხორციელება არ არის სასურველი პრეცედენტი”.

“არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს აკადემიური საბჭო, მაგრამ მე მაქვს ასეთი ვარაუდი, რომ რადგან ამაზე წავიდნენ, შეიძლება კონტრაქტის გაწყვეტამდე მივიდეს საქმე. მაგრამ ახლა გამოხმაურება იმდენად მძაფრია ჩემს პოსტზე, არ ვიცი, ამას რამდენად გაბედავენ. მაგრამ ეს განზრახვა რომ აქვთ, დარწმუნებული ვარ. რა თქმა უნდა, ეს შურისძიებაა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” კაჭკაჭიშვილმა.

წინაისტორია

თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება 2019 წლის შემოდგომაზე მოამზადა რადიო „თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივმა გადაცემამ „თავისუფლების მონიტორმა“. შარვაშიძე პლაგიატს თავიდანვე უარყოფდა. თსუ-მ თავისუფლების მონიტორის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა, თუმცა ქარტიამ არცერთ პრინციპი არ დაადგინა. 

საუბარია 2003 წლის დისერტაციაზე, რომელიც შარვაშიძემ მაშინდელ სულხან-საბას უნივერსიტეტში დაიცვა.

მოგვიანებით თსუ-ის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, იაგო კაჭკაჭიშვილმა მიმართა ილია სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც ადმინისტრირებს პლაგიატის დადგენის პროგრამა TurnitIn-ს, თხოვნით, დაედგინათ, იყო თუ არა პლაგიატი შარვაშიძის დისერტაციაში. ილიაუნიმ პლაგიატი დაადასტურა და დაასკვნა:

„გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას“.

რექტორის დისერტაციაში პლაგიატი უარყოფს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც განაცხადა, რომ ნაშრომი TurnitIn-ში მათაც შეამოწმეს.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” სტატია:

პლაგიატი თუ ტექნიკური ხარვეზი? – რექტორის სადავო დისერტაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი