ახალი ამბები

“პუტინმა მოგვაფურთხა” — მრავალათასიანი მიტინგები ხაბაროვსკში

27 ივლისი, 2020 • 1286
“პუტინმა მოგვაფურთხა” — მრავალათასიანი მიტინგები ხაბაროვსკში

2020 წლის 9 ივლისს რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა [„ფსბ“] საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებთან ერთად ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორი, სერგეი ფურგალი მის სახლთან დააკავა, რის შემდეგაც მოსკოვში [მანძილი მოსკოვსა და ხაბაროვსკს შორის დაახლოებით 8000 კილომეტრია] გადაიყვანა.

გამოძიება მას 2004-2005 წლებში ბიზნესმენების მკვლელობის მომზადებას ედავება. 10 ივლისს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ფურგალი 9 სექტემბრამდე პატიმრობაში დატოვა. თავად დაკავებული გუბერნატორი ბრალს არ აღიარებს.

11 ივლისსვე ფურგალის დაკავების გამო ხაბაროვსკში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლებიც დღემდეც გრძელდება. აქციის მონაწილეთა რაოდენობა სხვადასხვა წყაროს განსხვავებულად მოჰყავს [მაგალითად, ერთ-ერთ აქციას, ადგილობრივი შსს-ის ცნობით, 10-12 ათასი ადამიანი ესწრებოდა, მაშინ როცა ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება 30-35 ათასზე წერდა. ხაბაროვსკის მოსახლეობა მთლიანობაში 589 596 ადამიანია]. მიტინგები იყო მხარის სხვა ქალაქებშიც, 25 ივლისს კი ხაბაროვსკელების მხარდასაჭერი აქციები ჩაატარეს რუსეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, მოსკოვშიც, სადაც 40 ადამიანზე მეტი დააკავეს.

ვინ არის სერგეი ფურგალი და როგორ გახდა ის ხაბაროვსკის გუბერნატორი?

სერგეი ფურგალი ერთ-ერთია გუბერნატორთა იმ მცირე რიცხვში, რომელიც ფორმალურად მაინც არ არის აფილირებული მმართველ პარტია „ერთიან რუსეთთან“. ფურგალი 2000-იანი წლების დასაწყისიდან ვლადიმერ ჟირინოვსკის „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ [„ლდპრ“] წევრია, 2007-2018 წლებში კი ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო.

რუსეთის ფედერაციაში, საერთო ჯამში, 85 სუბიექტი შედის [აქედან ერთ-ერთია ანექსირებული ყირიმი], რომელთა ადგილობრივ ხელისუფლებებსაც უმრავლეს შემთხვევებში მმართველი პარტია — „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. ზოგი გუბერნატორი, მართალია, ფორმალურად დამოუკიდებელი პოლიტიკოსია, თუმცა არჩევნებზე „ერთიანი რუსეთის“ მხარდაჭერით მონაწილეობდა.

2018 წლის სექტემბერში ფურგალმა ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მეორე ტურში რეგიონის მოქმედი პირველი პირი და მმართველი პარტიის კანდიდატი, ვიაჩესლავ შპორტი 40%-ზე მეტი სხვაობით დაამარცხა. მის საარჩევნო წარმატებას 2019 წელს მოჰყვა პარტიის კარგი შედეგიც — თუ იქამდე „ლდპრ“-ს რეგიონალურ პარლამენტში 3 დეპუტატი ჰყავდა, ამ არჩევნებზე მათ აბსოლოტური უმრავლესობა მოიპოვეს — 30 მანდატი 36-დან.

რას ედავება გამოძიება ფურგალს

რუსეთის საგამოძიებო უწყებები უკვე ყოფილ გუბერნატორს [20 ივლისს იგი პოსტიდან პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ნდობის დაკარგვის“ გამო გაათავისუფლა და მის ადგილას ასევე „ლდპრ”-ის წევრი, მიხეილ დეგტირიოვი დანიშნა, რომელიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, ხაბაროვსკის მხარეში იქამდე მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი] ედავება ბიზნესმენების — ევგენი ზორიას და ოლეგ ბულატოვის მკვლელობის ორგანიზებას  და მიიჩნევს, რომ იგი აგრეთვე ჩართული იყო ალექსანდრე სმოლსკის მკვლელობის მცდელობაში.

საგამოძიებო უწყებების აზრით, ფურგალის და საქმის სხვა ფიგურანტების მოტივი კომერციული ინტერესი იყო.

კერძოდ კი, საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ზორიას მკვლელობა უკავშირდებოდა კონფლიქტს ფურგალთან — ისინი ზორიას მიერ ქარხნის შეძენის ირგვლივ დავობდნენ. რაც შეეხება ბულატოვს, გამოძიების ვერსიით, ეჭვი აიღო, რომ ფურგალი ზორიას მკვლელობაში მონაწილეობდა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა მისი მკვლელობის ორგანიზებაც გადაწყვიტა და საერთო ბიზნესში მის წილს დაეპატრონა.

დაკავებული სერგეი ფურგალი. ფოტო: EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV

შემდეგ კი, როგორც ბრალდების მხარე ამბობს, ამურის ოლქის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში ფურგალმა რკინის მიღების პუნქტი გახსნა, მის კონკურენტ სმოლსკის კი ჩაბარებაზე უფრო მაღალი ფასები ჰქონდა. ფურგალს, გამოძიების ვერსიით, სურდა სმოლსკის ან ფასები შეეცვალა, ან ბიზნესზე უარი ეთქვა, ხოლო საბოლოოდ მისი მკვლელობის ორგანიზება გადაწყვიტა. გარაჟში, სადაც ის იმყოფებოდა, ორი ხელყუმბარა ისროლეს, თუმცა ბიზნესმენი გადარჩა.

„მოსკოველები იქ ალბათ თვლიან, რომ ჩვენ საერთოდ…“ — რას ითხოვენ მომიტინგეები

10 ივლისიდან დაწყებული, ანუ უკვე 17 დღეა, ხაბაროვსკში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

თავდაპირველად, ფურგალის დაკავების შემდეგ, მომიტინგეები მის „დაბრუნებას“ ითხოვდნენ, მოგვიანებით კი, როცა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუბერნატორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი დანიშნა, აქციის მონაწილეებმა მისი გადადგომის მოთხოვნაც დაიწყეს.

თუმცა, ზოგი რუსი ექსპერტის თქმით, მიტინგების მიზეზი არამარტო ფურგალის დაკავებაა — მაგალითად, პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი მიიჩნევს, რომ „ხალხი აღშფოთებულია იმით, რომ მოსკოვი მათ კისერს უგრეხს“:

„მოქალაქეებისთვის ხაბაროვსკში მნიშვნელოვანია ის, რომ მას [ფურგალს] ხმა მისცეს მოსკოვის პოზიციის საწინააღმდეგოდ, ისაა მათი საპროტესტო კანდიდატი, რომელმაც მოიგო. ისაა მათი პოლიტიკური სუბიექტურობის სიმბოლო. ისაა სიმბოლო იმისა, რომ მათ აქვთ პოლიტიკური ნება და შეუძლიათ უპასუხონ ირგვლივ არსებულ რეალობას. …ფურგალი აირჩიეს საპროტესტო ხმის მიცემით და მან მოახერხა, ორ წელიწადში ეს მხარდაჭერა არ დაეკარგა.

ბანერი პროტესტზე. წარწერა პლაკატზე: „ფურგალი ჩვენი არჩევანია“. ფოტო: Евгений Переверзев / Reuters / Scanpix / LETA

რიგი რეგიონალური საპროტესტო გამოსვლებისთვის, რომელთა თემაც სხვა რამაა, მამოძრავებელი არის ანტიმოსკოვური განწყობები. ხალხი ხომ არ გამოდის მოედანზე იმის ყვირილით, რომ მოსკოვისგან გამოყოფა სურთ? არა, მათ ეს არ უნდათ, ისინი სეპარატისტები არ არიან. მათ სურთ მეტი თვითთმართველობა, რისი უფლებაც აქვთ.

ის, რომ ფედერალური ცენტრის ეს მოქმედება [ფურგალის დაკავება] ხალხის მიერ დამამცირებლადაა აღქმული, თანაც, პირველად არა, იკითხება ასე — ისინი ჩვენ არაფრად გვაგდებენ — გვინდა ერთი, გვიკეთებენ მეორეს.

ანუ, ხალხი აღშფოთებულია იმით, რომ მოსკოვი მათ კისერს უგრეხს“, — განაცხადა მან ჟურნალისტ ილია ვარლამოვთან საუბარში.

ანტიმოსკოვურ განწყობებზე საუბარია „მედუზას“ რეპორტაჟშიც:

— გუბერნატორი წაიყვანეს, მის ნაცვლად კი მოსკოვიდან გამოგვიგზავნეს [მიხეილ დეგტირიოვი], გვჭირდება კი ის აქ?

— სულელი გამოაგზავნეს. მოსკოველები იქ ალბათ თვლიან, რომ ჩვენ საერთოდ… — ციტირებს გამოცემა მიტინგზე მყოფი მოქალაქეების საუბარს.

„ფურგალი მთელმა მხარემ აირჩია, დათხოვნით კი ერთმა ადამიანმა დაითხოვა. …მის ნაცვლად დანიშნულია ადამიანი, რომელმაც ხაბაროვსკზე არაფერი იცის. …ეს პუტინის უპატივცემულობაა ხაბაროვსკის მხარის მიმართ. ეს პუტინის მხრიდან მოფურთხებაა“, — ციტირებს „მედუზა“ აქციის კიდევ ერთ მონაწილეს.

ხელისუფლების რეაქცია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. ფურგალის ნაცვლად დანიშნული დეგტირიოვის კომენტარები კი განსხვავებულია: ის ხან ამბობდა, რომ მომიტინგეებს შეხვდებოდა და გაესაუბრებოდა, ხოლო მოგვიანებით ამ გადაწყვეტილებას ცვლიდა, შემდეგ კი მოქალაქეებს მაინც ხვდებოდა. ასევე, დეგტირიოვმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიტინგებს უცხოელები აწყობდნენ:

„თქვენ რა, ფიქრობთ, რომ რუსეთში ახლა უცხოელები არ არიან? არიან! ვიღაც მოსკოვში დარჩა. აწყობდა იქ მიტინგებს და არეულობას. გაჩნდა შესაძლებლობა სიტუაციის არევის ხაბაროვსკში — აქ ჩამოფრინდნენ“, — უთხრა მან ჟურნალისტებს.

ფურგალის დაკავებას გამოეხმაურა მისი პარტიის ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი და განაცხადა, რომ დაკავებული გუბერნატორი პოსტის დატოვებას თავად აპირებდა:

„გუბერნატორი უკვე სამშაბათს აპირებდა მოსკოვში ჩამოსვლას და საკუთარი ნებით წასვლას. ხუთშაბათს რაზე დააპატიმრეთ? ვიღაცას მუსკულების ჩვენება სურდა? თავად მოფრინავდა მოსკოვში, ჩემთან მოფრინავდა, მე დავარწმუნე“, — განაცხადა მან სახელმწიფო დუმაში საუბრისას და მოუწოდა ხაბაროვსკის მოსახლეობას, დეგტირიოვისთვის დაეჭირათ მხარი.

რას უნდა ველოდოთ შემდეგ?

როგორც გამოცემა „ვედომოსტი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ელიან, რომ პროტესტი გარკვეულ ხანში დამთავრდება: „ყველა ადგილობრივი მედია და სოციალური ქსელი ხალხის გამოყვანაზე მუშაობდა. ასევე თვლიან, რომ ხალხის გამოყვანაზე მუშაობდნენ ფურგალის ადმინისტრაციის თანამშრომლები — ყველა მათგანი კონტროლზეა აყვანილი“.

პოლიტოლოგ ეკატერინა შულმანის აზრით კი, „[ცენტრმა] უნდა აღიაროს ჩრდილოეთის სპეციფიკური პოლიტიკური სუბიექტურობა. შემდეგ რაღაც მიჩუმდება, მერე კვლავ აღმოცენდება, რადგანაც პრობლემა არაა მოგვარებული. ის მოგვარდებოდა ნაწილობრივი დეცენტრალიზაციით, მაგრამ ფედერალური ცენტრი ამის უკან განიხილავს მხოლოდ რუსეთის დაშლას, მიწების დაკარგვას და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. ასე რომ, გაგრძელდება ასე, როგორც ძველ თამაშში, სადაც მგელი კვერცხებს იჭერდა. ასე ვირბენთ აქეთ-იქით“, — ამბობს იგი.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი