ახალი ამბები

კადიროვი მიიჩნევს, რომ ნობელის პრემია ეკუთვნის

27 ივლისი, 2020 • 1515
კადიროვი მიიჩნევს, რომ ნობელის პრემია ეკუთვნის

ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის განცხადებით, მას ნობელის პრემია უნდა მიანიჭონ, რადგანაც „აშშ-ისგან განსხვავებით, საერთაშორისო ტერორიზმს წარმატებით ებრძვის“, იუწყება „ინტერფაქსი“.

„ჩვენ გავაჩერეთ ომი, გავანადგურეთ საერთაშორისო ტერორიზმი. ნობელის პრემია უნდა მომცენ მე ტერორიზმზე გამარჯვებისთვის და ამ დროს პირიქით, სანქციებს მიწესებენ. არასამართლიანია“, — აღშფოთდა კადიროვი „რასია 1-ის“ ეთერში..

ამასთან ერთად, კადიროვმა განაცხადა: „პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წყალობით დავამყარეთ წესრიგი, მშვიდობიანად ვცხოვრობთ, ვვითარდებით“. შემდეგ კი დაამატა, რომ ჩეჩნეთის მაცხოვრებლებს სურთ მოხვდნენ სანქციების იმავე სიაში, რომელშიც ის შეიყვანეს.

20 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ-მა ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებისთვის სანქციები დაუწესა კადიროვსა და მის ოჯახს – ცოლს მედნი კადიროვასა და მის შვილებს, აიშატ და კარინა კადიროვებს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო განცხადებაში აღნიშნავს, სანქციები კადიროვს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებისთვის დაეკისრა, მათ შორის არის წამების, სასამართლოს გარეშე სიცოცხლის მოსპობისა და მოქალაქეთა იძულებითი გაუჩინარების ფატები.

„ჩვენ ყოყმანის გარეშე გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლო გზას იმისთვის, რომ ამ დარღვევებზე პასუხისმგებლობა უპირობოდ დადგეს“, – ამატებს პოპმეო.

ამასთანავე, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაშ, კადრიოვისა და მისი ოჯახის მიერ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების შესახებ ინფორმაცია სანდო წყაროსგან აქვთ.

„დღევანდელი ქმედების მიზანია შევატყობინოთ კადრიოვს, რომ მის ჩართულობას უფლებათა უხეშ დარღვევაში მოაქვს შედეგი როგორც მისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას თავად კადიროვი ტელეგრამის არხზე გამოეხმაურა.

„პომპეო, ჩვენ მივიღეთ გამოწვევა! ამიერიდან უფრო საინტერესო იქნება!“, – დაწერა კადიროვმა და 24 ივლისს პომპეოს ჩეჩნეთში „სანქციები დაუწესა“.

კადიროვის სახელს აქტივისტები და სხვადასხვა მედიასაშუალებები არაერთ შეკვეთილ მკვლელობას უკავშირებენ რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ. ნახეთ ვრცლად ამ თემაზე:

რუსეთი და შეკვეთილი მკვლელობების ბრალდებები

მასალების გადაბეჭდვის წესი