ახალი ამბები

ფრონტერა მთავრობაზე: მოგვცენ პირობა, რომ სამუშაოს უსაფრთხოდ დავუბრუნდებით

24 ივლისი, 2020 • 849
ფრონტერა მთავრობაზე: მოგვცენ პირობა, რომ სამუშაოს უსაფრთხოდ დავუბრუნდებით

ნავთობკომპანია „ფრონტერა“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს „დეზინფორმაციულ კამპანიას“ და მათ მოუწოდებს, პირობა მისცეს, რომ სამუშაოს „უსაფრთხოდ, დაშინებისა და ახალი პირობების გარეშე“ დაუბრუნდებიან.

23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ჰააგის არბიტრაჟში დახარჯული, სულ მცირე, 7.4 მილიონი აშშ დოლარის და წლების განმავლობაში გამოთქმული პრეტენზიების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა, ადრე გაცხადებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, ამერიკულ კომპანია „ფრონტერასთან“ კონტრატქს აღარ წყვეტს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობამ ნავთობკომპანია „ფრონტერასთან“ კონტრაქტი არ გაწყვიტა, რათა არავის მისცეს შესაძლებლობა, ქვეყნის ბიზნესგარემო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

24 ივლისს „ფრონტერამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც წერენ, რომ მთავრობამ „განაგრძო საჯარო დეზინფორმაციული კამპანია“ კომპანიის წინააღმდეგ. კომპანიის თანახმადვე, ოფიციალური პირების ახალი განცხადება „მოულოდნელი“ იყო:

„ხუთშაბათს, წლების განმავლობაში მუქარისა და შევიწროების შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა მოულოდნელად განაცხადეს, რომ „მთავრობამ გადაწყვიტა, ჩვენთან კონტრაქტი არ გააუქმოს“. ეს განცხადება შეფუთული იყო ცილისმწამებლური განცხადებებით, რაც მხოლოდ ჩვენი კომპანიის სახელის გატეხვასა და ჩვენი საქმიანობის შესახებ ყალბი განცხადებების გავრცელებას ემსახურებოდა“, – წერია განცხადებაში.

„ფრონტერას“ თანახმად, „არასდროს არსებულა ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი“, რომ „საქართველოს მთავრობის მუდმივი ცილისწამება არასწორია და მიზანმიმართულ შევიწროებას წარმოადგენს“:

„ის მიმართულია შეცდომაში შეყვანისკენ და დიდსულოვნებისა და კეთილმოსურნეობის შთაბეჭდილების შექნისკენ, როდესაც, ფაქტობრივად, ეს არის არაგულწრფელი ქცევის გაგრძელება, რომლის მიზანი აშშ-დან პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შემოსვლისთვის ეშმაკურად ხელის შეშლაა“, – წერს კომპანია.

„მიმდინარე წლის აპრილიდან ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ საქართველოს მთავრობასთან შეხვედრა. ყველა ეს მოთხოვნა უარყოფილი ან უგულებელყოფილი იქნა. ახლა, მაღალი თანამდებობის პირები ჩვენს კომპანიასთან კონსტრუქციული შეხვედრის ყოველგვარი მცდელობის გარეშე საჯარო განცხადებას აკეთებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ეს არ არის ნორმალური ქცევა, როდესაც საქმე ეხება აშშ-ის კერძო სექტორის უმსხვილეს ინვესტორთან მუშაობას. ოც წელზე მეტია, ჩვენ საქართველოს ამაყი კორპორაციული მოქალაქე ვართ შეერთებული შტატებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში კახეთის რეგიონში 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ, აშშ-დან წამყვანი ტექნოლოგია შემოვიტანეთ; ასობით ქართველი და ამერიკელი დავასაქმეთ და საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შესაძლებლობა შევქმენით. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ტიპის თამაში ცხადყოფს, რომ ეს აშშ-ის ბიზნესისთვის მისასალმებელ გარემოს არ ჰგავს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვან საარბიტრაჟო სასამართლოს ბოლოდროინდელი განჩინება, პატივი სცეს ჩვენი ხელშეკრულების პირობებს, გამართონ ჩვენთან კონსტრუქციული შეხვედრა და პირობა მოგვცენ, რომ სამუშაოს უსაფრთხოდ, დაშინებისა და ახალი პირობების გარეშე დავუბრუნდებით“, – აცხადებენ კომპანიაში.

24 ივლისს ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად გიორგი გახარიამ განაცხადა:

„ფრონტერასთან მიმართებაში საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო. საქართველოს მთავრობამ ამ საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტილების შედეგად აქტივის, იმ ტერიტორიის 99%, დაიბრუნა. იმ 1%-ზე, რომლის დაბრუნებაც საქართველოს სამართლებრივად შეეძლო, ამ პროცესის დაწყებაზე უარი თქვა“.

გიორგი გახარიამ მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგი მიზეზები ჩამოთვალა:

  1. „დღეს ჩვენთვის ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ქვეყნის ბიზნესგარემო არის უაღრესად მნიშვნელოვანი და არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცლების საშუალებით, ეს გარემო და ბიზნესკლიმატი დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ“;
  2. „არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, სტრატეგიული პარტნიორობა აქაც რაღაც „ტარგეტირებული“ მიზნისთვის გამოიყენონ;
  3. „იქ არიან ქართველი დასაქმებულები, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობდნენ და ამ ადამიანების ინტერესი უნდა იყოს დაცული“…

არბიტრაჟის გადაწყვეტილება, — ისევე, როგორც კონტრაქტის შინაარსი და პირობები, — ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება.

ვრცლად ამ თემაზე:

ყველაფერი „ფრონტერასა“ და მასთან დავაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი