ნეტგაზეთი | სტატუსის შეცვლის შემდეგ, აია-სოფიაში პირველი ისლამური ლოცვა მიმდინარეობს სტატუსის შეცვლის შემდეგ, აია-სოფიაში პირველი ისლამური ლოცვა მიმდინარეობს – Netgazeti
RU | GE  

სტატუსის შეცვლის შემდეგ, აია-სოფიაში პირველი ისლამური ლოცვა მიმდინარეობს

პირველად 86 წლის შემდეგ აია-სოფიაში ისლამური ლოცვა მიმდინარეობს. ცერემონიას, მლოცველებთან, ოფიციალურ და სასულიერო პირებთან ერთად თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ესწრებდა, რომელმაც მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების ბრძანებას რამდენიმე კვირის წინ მოაწერა ხელი.

ლოცვის მონაწილეები შეკრებილნი არიან როგორც ნაგებობის შიგნით, ისე გარეთ. ადგილობრივი მედიის ცნობით, წინასწარ განისაზღვრა სოციალური დისტანციის დაცვის პირობა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

“მუსლიმები აღტაცებულები არიან, ყველას უნდა, გახსნას დაესწროს”, – თქვა ხუთშაბათს სტამბოლის გუბერნატორმა ალი იერლიქაიამ.

ცერემონიამდე  1 კვირით ადრე თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ მუსლუმური ლოცვისას აია-სოფიაში არსებული ქრისტიანული სიმბოლოები ფარდებით დაიფარება.

ხანგრძლივი კამპანიის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა დეკრეტს, რომლის ძალითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას მუზეუმი მეჩეთად გადაკეთდა.

ძეგლს, რომელიც ბიზანტიის იმპერიის ეპოქაში აშენდა, როგორც კათედრალი, ოსმალეთის იმპერიის დროს კი მეჩეთად იქცა, თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელმა, მუსტაფა ქემალ ათათურქმა, მუზეუმის სტატუსი გასული საუკუნის 30-იან წლებში მიანიჭა. ამ გადაწყვეტილებას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ თურქეთის მემარჯვენე-ნაციონალისტურ და ისლამისტურ წრეებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან